„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სოფო ჯაფარიძემ, შიდაპარტიულ დაპირისპირებაზე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ წარმოუდგენელია, დღეს როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტს კლავენ, სხვა რამეზე ვისაუბროთ. მისი თქმით, თვითონ ნიკა მელიას ინიციატივა იყო არჩევნები, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დრო, ადგილი და ფორმა.
“თვითონ ნიკა მელიას ინიციატივა იყო არჩევნები, მაგრამ ყველაფერს აქვს თვისი დრო, ადგილი და ფორმა. დღეს, როდესაც ყველასთვის, პარტიისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაა, ამაზე საუბარი უადგილო იყო.
დღევანდელი დღე იყო ჩემთვის სრულიად გაუგებარი. შიდაპარტიულ დისკუსიებში ყოველთვის გვაქვს ჩვენ იმის შესაძლებლობა, რომ აზრი დავაფიქსიროთ, მაგრამ ჩემთვის სრულიად მიუღებელია ის ფორმა, რა ფორმითაც ეს მოხდა. ჩვენი ნომერ პირველი საზრუნავი ახლა მიხეილ სააკაშვილის საქართველოდან გაყვანაა. წარმოუდგენელია, დღეს როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტს კლავენ, სხვა რამეზე ვისაუბროთ,” – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.