“ვენეციის კომისია” თბილისში შეხვედრებს მართავს. მათ მოლაპარაკებები საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან გამართეს. მანამდე კი დელეგაციის წევრები “ნაციონალური მოძრაობის” და “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლებს შეხვდენენ. საუბრის მთავარი თემა საარჩევნო კანონმდებლობაა, რომელზეც ერთ თვეში დასკვნა მომზადდება.
“საქართველში ჩამოვედი როგორც ვენეციის კომისიის წევრი, ვამზადებთ ორ რეკომენდაციას საკანომდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, პროპორციული და მაჟორიტარული სისტემების ცვლილება ჩვენ არ გვეხება. ამაზე ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ორივე სისტემა პოზიტიურია. რაც შეეხება საარჩევნო ოლქების ზომას, მათი განსაზღვრის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს გეოგრაფიული ადგილმდებარეობები“, – განაცხადა საქართველოში ვიზიტით მყოფმა ვენეციის კომისიის ერთ-ერთმა წევრმა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ “თავისუფალი დემოკრატების” წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა მედიასთან ისაუბრა იმ საკითხებზე, რაზეც “ვენეციის კომისიასთან” შეხვედრაზე ისაუბრეს.
“თვითონაც დარჩნენ გაკვირვებულები იმ ახალი საარჩევნო გეოგრაფიით, რაც ხელისუფლებამ შესთავაზა. ფიქრობენ, რომ ეს უმეტესწილად გაართულებს ადამიანებისთვის არჩევნებში მონაწილეობის პროცესს. ეს საარჩევნო მაზოხიზმი, რაც დაამკვიდრა „ქართულმა ოცნებამ“, ძალიან მძიმე შედეგებით მოუტრიალდება ქვეყანას“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
შეხვედრა შეაფასეს “ნაციონალურ მოძრაობაშიც”. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ხელისუფლებას სურს საარჩევნო სისტემა თავის თავზე მოირგოს.
“ქვეყანაში არსებობს კონსესუსი იმასთან დაკაშირებით, რომ არჩევნები 2016 წელს სამხარეო პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს და ამ კონსესუსს არღვევს. ერთადერთი, ეს არის მმართველი კოალიცია, რომელსაც უნდა, რომ თავის თავზე მოირგოს საარჩევნო სისტემა. ვენეციის კომისიას გამოთქმული აქვს შეშფოთება ამ საკითხზე“. – აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.