ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის“ შესახებ კანონპროექტი ჯაჭვლიანმა უკან გაითხოვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტი უკან გაიწვია. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

ჯაჭვლიანის თქმით, კანონპროექტის უკან გაწვევის მიზეზი მისი დახვეწა გახდა, რაც მისი თქმით, გარკვეულ დროს საჭიროებს.

„კანონპროექტი ეხება ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებს, როგორიცაა სახელმწიფოში არსებული რელიგიური ორგანიზაციები, რელიგიური სიწმინდეები და გრძნობები. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია დამატებითი კონსულტაციების გამართვა კანონის პროექტის შემდგომი დახვეწისთვის, რაც გარკვეულ დროს საჭიროებს. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 147-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, მსურს, უკან გამოვითხოვო ჩემ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი“ – ნათქვამია ჯაჭვლიანის მიერ პარლამენტის ბიუროსადმი გაგზავნილ ცნობაში.

კანონის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც კანონპროექტის ავტორი დოკუმენტს უკან იწვევს, პარლამენტი აღნიშნულ საკითხზე მსჯელობას აჩერებს, შესაბამისად საკანონმდებლო ორგანო რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ საკითხებს აღარ განიხილავს.

იტვირთბა....