იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი ამბობს, რომ სასამართლო ხელისუფლება თავდაცვითი რეჟიმიდან თავდასხმით რეჟიმზე გადადის.
მისი თქმით, ის “გამოააშკარავებს ყველას, ვისი პოზიციონირებაც საფრთხეს უქმნის სასამართლოს დამოუკიდებლობას”.
“რატომ არის ანტიდასავლური? დასავლური პოზიცია რას ნიშნავს, რომ უკრიტიკოდ, უაპელაციოდ, ყოველთვის გავიზიაროთ… ჩვენ რომ ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოს სუვერენიტეტის შემლახავია რაღაც ქმედება, არის სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელმყოფი ქმედება, ამაზე ხმა არ უნდა ამოვიღოთ? ანუ მოსამართლეს აზრის გამოთქმის უფლება არ აქვს?
იმის თქმა, რომ მომავალში მე ფაქტებით და მტკიცებულებებით ვამხელ ნებისმიერ სუბიექტს, მიუხედავად მისი სტატუსისა, იქნება ეს პოლიტიკოსი, მედიის წარმომადგენელი თუ სხვა, ხაზს ვუსვამ, მისი სტატუსის მიუხედავად, თუ დავინახავ მე საფრთხეს, რომ მისი ქმედება, მისი პოზიციონირება, განცხადება იქნება თუ სხვა, საფრთხეს უქმნის სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას და მე ამაში ვხედავ, რომ ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება…
ჩათვალეთ ასე – თავდაცვითი რეჟიმიდან სასამართლო ხელისუფლება გადადის თავდასხმით რეჟიმზე, აი, ამ კუთხით, რომ ფაქტებით და მტკიცებულებებით მოხდება ყველა იმ სუბიექტის გამოაშკარავება, რომელიც მიზანმიმართულად გეგმავს და ცდილობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განეიტრალებას, მის თამაშგარე დატოვებას და სასამართლო კორპუსში განხეთქილების შეტანას”, – თქვა გვრიტიშვილმა.
ცნობისთვის, დიმიტრი გვრიტიშვილი და ლევან მურუსიძე საბჭოს წევრებად 23 ოქტომბერს ხელახლა აირჩიეს.