ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების უფლებები ირღვევა – სამადაშვილი

“საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების უფლებებიც ირღვევა, უბრალოდ როგორც ძალადობის მსხვერპლმა არ იცის ხოლმე ხანდახან, რომ ძალადობის ქვეშ არის, ამ ხალხსაც დაკარგული აქვს შეგრძნება და არ ესმით, რომ მათი მოსმენა ჩაწერა, მათზე თვალთვალი და საერთოდ კონტროლის ქვეშ ცხოვრება, არის მათი უფლებების დარღვევა”,- ამის შესახებ „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სახალხო დამცველობის კანდიდატს გიორგი ბურჯანაძეს უსმენენ.

მან ბურჯანაძეს კითხვით მიმართა, იმ შემთხვევაში თუ ის დაიკავებს ომბუდსმენის თანამდებობას, როგორ დაიცავს მათ და ზოგადად საქართველოს მოქალაქეების უფლებას იმ რეჟიმის ფარგლებში, რომელმაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ბიუჯეტი გაუზარდა.

„მე მიმაჩნია, რომ ჩვენ თუ ვფიქრობთ იმაზე, ევროკავშირის მოთხოვნები როგორ შეიძლება შესრულდეს, თქვენი კანდიდატობა არის, ალბათ, ყველაზე საინტერესო ამ თვალსაზრისით, იმიტომ, რომ გარდა კვალიფიკაციის, რომელიც, ვფიქრობ, დღეს საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა ამ მოსმენის დროს.

თქვენ, ასევე, გაქვთ უნიკალური უპირატესობა, რაც შეეხება ინსტიტუციურ მეხსიერებას და გაგრძელებას ინსტიტუციურად სახალხო დამცველის საქმიანობის. ვფიქრობ, სწორედ ეს არის გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი, რადგან აქ მხოლოდ პიროვნებებზე არ არის საუბარი, საუბარია ინსტიტუციის შენარჩუნებასა და გადარჩენაზე იმ გარემოში, სადაც ყველა სხვა ინსტიტუტი არის ოლიგარქიული რეჟიმის მიერ მიტაცებული. თუმცა დღევანდელი მოსმენის შემდეგ რაღაც მაღალი ილუზიები არ მაქვს იმაზე, რომ უმრავლესობა დაუშვებს იმას, რომ ევროკავშირის მოთხოვნა შესრულდეს და ჩვენ მივიღოთ დამოუკიდებელი კანდიდატი ამ პოსტზე.

დარწმუნებული ვარ, თქვენ იქნებით ყველას სახალხო დამცველი არჩევის შემთხვევაში. არსებობს უფლება, რომელიც მასობრივად ირღვევა ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის, უმრავლესობის წარმომადგენლების უფლებებიც ირღვევა, უბრალოდ როგორც ძალადობის მსხვერპლმა არ იცის ხოლმე ხანდახან, რომ ძალადობის ქვეშ არის, ამ ხალხსაც დაკარგული აქვს შეგრძნება და არ ესმით, რომ მათი მოსმენა, ჩაწერა, მათზე თვალთვალი და საერთოდ კონტროლის ქვეშ ცხოვრება, არის მათ უფლებების დარღვევა. ამიტომ ამ თვალსაზრისით მაინტერესებს, ამ კონკრეტულ გამოწვევასთან დაკავშირებით, იმ რეჟიმის გათვალისწინებით, რომელმაც ახლა სუს-ს გაუზარდა ბიუჯეტი, რომ უკეთესად უთვალთვალოს, მოუსმინოს, მათ შორის, აქ წარმოდგენილ ხალხს, კომიტეტის თავმჯდომარეს, მის კოლეგებს უმრავლესობიდან, რა შეიძლება რომ დავუპირისპიროთ? როგორ ფიქრობთ, რომ თქვენ, როგორც სახალხო დამცველმა, შეიძლება დაიცვათ, პირველ რიგში, ამ ადამიანების და საერთოდ საქართველოს ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლება, რომ მისი კომუნიკაცია იყოს დაცული და მას ჰქონდეს პირადი სივრცის და პირადი თავისუფლების უფლება“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

იტვირთბა....