აშშ-ის საელჩო საქართველოში ლუგარის ლაბორატორიის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს:
“ბევრს გსმენიათ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის შესახებ, რომელსაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ხელმძღვანელობს. დაავადებათა წყაროების აღმოჩენისა და მონიტორინგის კუთხით ლაბორატორიის შეუცვლელი როლის შესახებ საზოგადოებამ განსაკუთრებით პანდემიის დასაწყისში შეიტყო. თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ ლუგარი ნაწილია საქართველოში ოცი ბიოლაბორატორიისგან შემდგარი ქსელისა, რომელიც აშშ-ის დაფინანსებით 2006 წლიდან შეიქმნა და თანამედროვედ აღიჭურვა საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობით, 2015 წელს კი სრულად გადაეცა საქართველოს მთავრობას. იმის გამო, რომ ეს ლაბორატორიები რეალურ დროში ცვლიან ინფორმაციას, მათ შეუძლიათ დაავადებების სწრაფად აღმოჩენა და აუცილებელი ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება. ერთ-ერთი ასეთი ლაბორატორია ახალციხეში მდებარეობს, რომელიც რეგიონში ვიზიტით მყოფმა ელჩმა დეგნანმა დაათვალიერა.
ეს თანამედროვედ აღჭურვილი, საერთაშორისო სტანდარტების ბიოლაბორატორიები არა მხოლოდ საზოგადოების უსაფრთხოებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ფასდაუდებელ წყაროს წარმოადგენს ქართველი სტუდენტებისა და მეცნიერების პროფესიული განვითარებისთვის”, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.