ახალგაზრდა სტუდენტი გოგონა მია, მეგობარ კინემატოგრაფისტებთან ერთად ალცჰეიმერით დაავადებულ პაციენტებზე დოკუმენტური ფილმის გადაღებას აპირებს. სარა ლოგანთან მოლაპარაკების შემდეგ, გადამღები ჯგუფი მასთან სახლში მიდის და სარას მოხუც დედაზე, დებორაზე დასაკვირვებლად ემზადება, რომელსაც დაავადება წარმოუდგენელი სისწრაფით უვითარდება. თავიდან გადამღები ჯგუფი, ისევე როგორც თვითონ სარა, მოხუცის ყოველდღიურობიდან და მისი დაავადებიდან გამომდინარე ვერ ამჩნევენ, თუ რამდენად ამოუცნობი და მისტიკური მოვლენები ხდება მათ ირგვლივ. რამდენიმე უცნაური ექსცესის შემდეგ მია და სარა გადაწყვეტენ, რომ მოხუცის ასეთი საქციელი არა დაავადების, არამედ დებორას სხეულში ჩასახლებული უცნაური სულის ბრალია.
ბოლო წლების განმავლობაში, ჰორორის ჟანრში პარადოქსალურ მოვლენებს აქვს ადგილი. ერთი გადმოსახედიდან, ამ ჟანრში უკვე იმდენი რამ მოხდა, იმდენი ექსპერიმენტი ჩატარადა რომ შეუძლებელია ნამდვილი მაყურებლის გაკვირვება. მეორეს მხრივ, ჰორორი დებიუტანტებისთვის ისევ ფავორიტ ჟანრად რჩება – სადაც შეგიძლია გამოავლინო შენი ოსტატობა, გადაღების ახლებური მეთოდები და ინოვაციური სიუჟეტური ტვისტები. თუმცა, რა თქმა უნდა ყველა დებიუტანტ რეჟისორს არ უმართლებს და მათი ფილმები ნაგავში გადაყრილ იმ მრავალ სხვა დაბალბიუჯეტიან ფილმს უერთდებიან, რომლებმაც ვერაფრით შეძლეს მაყურებლის გაოცება. მიუხედავად შაბლონურობისა, ,,დებორა ლოგანის დემონები’’ ამ კატეგორიას არ მიეკუთვნება.
ფილმის შაბლონურობა კი პირველივე კადრიდან იწყება, რომელიც იუწყება რომ ფილმი დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე. თუმცა ჩვენ, ყველამ, ბუნებრივია კარგად ვიცით, რომ მსგავსი ფრაზა მხოლოდ და მხოლოდ მარკეტინგული ილეთია და რეალობასთან კავშირი არ აქვს.
ფილმის შემდეგი კლიშე, ჰენდიკამით, დოკუმენტური ფილმის სტილში მოყოლილი ისტორიაა, რომელმაც დიდი ხნის წინ გაგვაცნო თავი ,,პარანორმალურ მოვლენებსა’’ თუ ,,რეპორტაჟში’’, ისევე როგორც ,,კლოვერფილდში’’, ,,V/H/S’’-ში თუ სხვა მრავალ საშინელებათა ჟანრის ფილმში. თუმცა, ,,დებორა ლოგანის დემონების’’ შემქმნელებმა, ,,მოცახცახე კამერის’’ მიუხედავად, ,,თაიმ ლეფსით’’ შეძლეს და რამდენიმე საკმაოდ კარგი კადრი გადაიღეს, შემდეგ კი შეძლებისდაგვარად, ერთი შეხედვით ამოუხსნელი მოვლენები ახსნეს (იხ. ას. ,,გააპარავეს’’).
ერთი შეხედვით ფილმი ყველა სტანდარტული ჰორორ კლიშეთია სავსე: ნახატებზე გამოსახული შავი ლანდი, შამანური რიტუალები, მოულოდნელად, თავისით გაღებული ფანჯრები. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ფილმში იუმორის გრძნობით ეკიდებიან ეგზორციზმს და მისი რელევანტურობის ოდნავადაც არ ჯერათ. მეტიც, – ერთ-ერთი მღვდელი მას სპეციალურად ჰორორ ფილმებისთვის მოგონილ რიტუალს უწოდებს. სტანდარტული ,,ახლა შეხტები!’’ კადრების გარდა, რომლებიც, ტრადიციისამებრ საკუთარ დანიშნულებას ამართლებენ, ფილმში ასევე გვხვდებიან საკმაოდ საინტერესო პერსონაჟები, როგორიცაა მაგალითად თვითონ დებორა ლოგანი. ჯილ ლარსონმა იდეალურად დახატა ჭკუიდან შეშლილი, შეპყრობილი მოხუცის სურათი, რომელიც შენში ზიზღის, გულისრევისა და შიშის პარალელურად, დროგამოშვებით თანაგრძნობასაც იწვევს. ასევე დებორას შვილი, სარა – დაახლოებით ორმოცი წლის ლესბოსელი, რომელიც ცდილობს მხიარული ქალის შთაბეჭდილება დატოვოს, სინამდვილეში კი დედამისის დაავადების გამო იტანჯება.
ერთი დიდი პლიუსი, რაც ,,დებორა ლოგანის დემონებს’’ აქვს, მისი ბუნებრიობაა. ის არ არის ,,დავარცხნილი’’, რათა აუდიტორია მოიზიდოს – ბოლო წლების ჰორორ ფილმებში არაერთხელ შევხდებით სპეციალურად დამახინჯებულ, გულისრევის გამომწვევ სიფათებს – მონსტრების, ეშმაკების, შეპყრობილი ადამიანების. ,,დებორა ლოგანი’’ კი ფსონს ამაზე არ აკეთებს. ერთადერთი, რაც ფილმში თვალში ხშირად გხვდება ხორცია. ხორცია ყველგან – ხან დებორა იძრობს, ხან თავისით ძვრება, ხან კიბეებზე და საწოლში ყრია. მოკლედ, ჟანრის მოყვარულები უსაჩუქროდ არ დარჩებიან.
ხოლო ფილმის ყველაზე დიდი მინუსი ფინალია. რასაც უკვე ნახვის შემდეგ გაიგებთ.
ვერდიქტი: ფილმი ისეთი გამოვიდა, როგორიც უნდა გამოსულიყო – ზოგჯერ შეგაშინებს, ზოგჯერ მოგაწყენს, ზოგჯერ კი გაგახარებს.
ლაშა მილორავა