საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანია ბუნებრივი აირის დეკემბრიდან შესაძლო გაძვირების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ თუ ლარი სტაბილურობას შეინარჩუნებს და ძირითადი პარამეტრებიც უცვლელი დარჩება, მაშინ ბუნებრივი აირის ფასი არ შეიცვლება:
“ჩვენ თავის დროზე ბუნებრივ აირთან დაკავშირებით 3-წლიანი ტარიფები დავადგინეთ, რომლის ვადა მიმდინარე წლის დეკემბერში იწურება. შესაბამისად, დეკემბერში მოგვიწევს ბუნებრივ აირზე ახალი ტარიფების დადგენა. თუმცა, თუ ლარი სტაბილურობას შეინარჩუნებს და ძირითადი პარამეტრებიც უცვლელი დარჩება, მაშინ ბუნებრივი აირის ფასი არ შეიცვლება.
ბუნებრივი გაზის სექტორში განაცხადები უკვე მიღებული გვაქვს, რადგან სატარიფო ვადა დეკემბერში იწურება.
შექმნილი გვაქვს აუდიტის სპეციალური ჯგუფი, რომელიც თითოეულ კომპანიაში შედის და სწავლობს მათ შესაბამის ფინანსურ დოკუმენტაციას. ჯამში 22-მა კომპანიამ შემოიტანა განაცხადი, საიდანაც მსხვილი კომპანიები 3-ია, ხოლო დანარჩენი შედარებით მცირე კომპანიებია“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ “პალიტრანიუსის” ეთერში საუბრისას.