დღეს პარლამენტის პლენარულ სსხდომაზე სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, გიორგი დანელიამ, სააგენტოს საქმიანობის 2021 წლის ანგარიში წარადგინა.
როგორც დანელიამ განაცხადა, საპენსიო ფონდში შეტანილი თანხის საერთო ოდენობამ 1,782,134,866.25 ლარს მიაღწია:
“2021 წლის განმავლობაში საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირდა 11,194 დამსაქმებელი. შედეგად, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ დასაქმებულთა რაოდენობამ ჯამში 1,235,938 შეადგინა. საპენსიო ფონდში შეტანილი თანხის საერთო ოდენობამ კი 1,782,134,866.25 ლარს მიაღწია“, – განაცხადა დანელიამ.
გიორგი დანელიამ საინვესტიციო საქმიანობაზე და კომერციულ ბანკებში თანხების განთავსების, მისაღები სარგებლის ოდენობებზე და არსებული სქემების მუშაობის სპეციფიკაზე ისაუბრა.
“2021 წელს საინვესტიციო სამსახურმა განახორციელა 22 ახალი ინვესტიცია სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანაბრებში, ჯამური მოცულობით 518,198,866 ლარი. 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აქტივების 90.35% განთავსებული იყო მინიმუმ ქვეყნის საკრედიტო რეიტინგზე 1 საფეხურით ნაკლები რეიტინგის მქონე კომერციულ ბანკებში. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტო თანხების ინვესტირებას არ ახორციელებს საკრედიტო რეიტინგის არმქონე ბანკებში“, – განაცხადა დანელიამ.