126 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი – პარლამენტმა გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო.
გენერალური პროკურორის არჩევის ახალი კანონპროექტის თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის 3/5-ის უმრავლესობით ანუ 90 ხმით აირჩევს.
კანონპროექტის მიხედვით, თუ აღნიშნული წესით პარლამენტი გენპროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, მაშინ გენერალური პროკურორის არჩევა სრული შემადგენლობის უმრავლესობით ანუ 76 ხმით მოხდება და ამ შემთხვევაში, გენერალური პროკურორის მოქმედების ვადა იქნება 1 და არა 6 წელი, როგორც ეს 90 ხმით არჩევის შემთხვევაშია გათვალისწინებული.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ მეორე და მესამე კენჭისყრა ჩატარდება შესაბამისი წინა კენჭისყრიდან არაუადრეს 28-ე დღისა და კენჭი ეყრება ერთსა და იმავე კანდიდატს.
აღსანიშნავია, რომ გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილება ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია.