არასრულწლოვანი გერის მიმართ სექსუალურ ძალადობაში მხილებული მამინაცვალი და მამინაცვლის მამა სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე ლომიძემ უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა.
ბრალდებულების ინტერესების დამცველი მოსამართლის გადაწყვეტილებით კმაყოფილია და ამბობს, რომ “საქმეში ბავშვის ჩვენების გარდა, არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება, მათ შორის არც ექსპერტიზის დასკვნა“. დაცვის მხარე დარწმუნებულია, რომ გოგონა დედამ პირადი შურისძიებისთვის გამოიყენა.
თავად დაზარალებული ბავშვი კი ჩვენებაში ჰყვება, რომ მასზე წლების განმავლობაში სექსუალურად ძალადობდნენ მამინაცვალი, მამინაცვლის მამა და ასევე მამინაცვლის არასრულწლოვანი ვაჟი. დედა ყვება, რომ გოგონა მუქარის გამო მომხდარს წლების განმავლობაში მალავდა.
პროკურატურა მოსამართლის გადაწყვეტილებას არ იზიარებს. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ მოსამართლე ალექსანდრე ლომიძემ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვის ინტერესები არ გაითვალისწინა. პროკურატურა განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.