ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დასავლეთ ევროპის ეპარქიის დაარსებიდან 20 წელი გავიდა – საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

დასავლეთ ევროპის ეპარქიის დაარსებიდან 20 წელი გავიდა – ინფორმაციას სოციალურ ქსელში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

,,20 წლის წინ, 2002 წლის 17 ოქტომბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით, დაარსდა დასავლეთ ევროპის ეპარქია, რომლის მმართველ მღვდელმთავრად დაინიშნა მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია).

ამ 20 წლის განმავლობაში დასავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ქალაქებში გაიხსნა ქართული ტაძრები, დაარსდა სამრევლო და საკვირაო სკოლები, ქართული კულტურის ცენტრები, უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეებისათვის სწორედ ეს ადგილები გახდა მშობლიური კერის, ოჯახის, ახლობლებისა და სამშობლოს ნოსტალგიით გამოწვეული ნუგეშის წყარო.

მიტროპოლიტ აბრაამთან ერთად, უმნიშვნელოვანესი და უდიდესია ეპარქიაში მოღვაწე თითოეული სასულიერო პირის ყოველდღიური დაუღალავი შრომა, ზრუნვა და ფიქრი საკუთარ მრევლზე, რადგან ისინი კარგად აცნობიერებენ დედაეკლესიის როლს სამშობლოსგან შორს მყოფი ადამიანებისათვის.

მშობლიური ენის, ადათ-წესების, კულტურის შენარჩუნებითა და რწმენის განმტკიცებით ეპარქიაში მოღვაწე სასულიერო პირები მომავალ თაობას მტკიცედ აკავშირებენ წინაპართა ფესვებთან და უნარჩუნებენ იდენტობას.

გულითადად ვულოცავთ დასავლეთ ევროპის ეპარქიასა და მიტროპოლიტ აბრაამს ამ მნიშვნელოვან თარიღს. დიდ მადლიერებას გამოვხატავთ მისი და აქ მოღვაწე თითოეული სასულიერო პირისადმი იმ ფასდაუდებელი შრომისთვის, რასაც ისინი ყოველდღიურად ეწევიან დედაეკლესიისა და ჩვენი თანამემამულეებისათვის, უცხოეთში ქართული სამრევლოების გაძლიერებისა და გაერთიანებისათვის; ვუსურვებთ მათ სიმტკიცესა და ღვთის შეწევნას მრავალსა წელსა მრავალჟამიერ.”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

იტვირთბა....