ქვეყნის დაზიანებაში და ტრაგედიებში ხედავენ საკუთარ შანსს – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ოპოზიციის წევრების კრიტიკულ განცხადებებს, რომ “ქართული ოცნება“ პრორუსულ პოლიტიკას ატარებს და რუსულ ნარატივს მიჰყვება.
“ჩვენი ოპონენტების ყველა განცხადება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ და ამავდროულად მავნებლურ ინტერესს ემსახურება. ისინი არად დაგიდევენ იმ ამბავს, რომ ასეთი განცხადებით ქვეყნის იმიჯი ზიანდება. ისინი ცდილობენ „ქართული ოცნების“ იმიჯის დაზიანებას და ქვეყნის იმიჯი ზიანდება.
როდესაც საქართველოს მოსახლეობას ეუბნები, რომ უკვე ათი წელია ირჩევ რუსულ ხელისუფლებას, აზრზე არა ხარ, წარმოდგენა არა გაქვს, რას აკეთებ….ოკუპანტის მოყვარულ, მტრულ ხელისუფლებას რომ ირჩევენ, ამას აჯერებ და ეუბნები ხალხს, ეს შენი ქვეყნის შეურაცხყოფაა და ამას რომ ჰკადრებ საზოგადოებას, საქართველოს მოქალაქეებს, ეს არის საქართველოს იმიჯის დაზიანება და ნებისმიერი ქართველის და საქართველოს მოქალაქის შეურაცხყოფა.
არ ერიდებიან ესენი საკუთარი ქვეყნის იმიჯის დაზიანებას, ტრაგედიით სარგებლობას, ტრაგედიით მანიპულირებას. ქვეყნის დაზიანებაში და ტრაგედიებში ხედავენ საკუთარ შანსს. ადამიანები, რომლებიც ტრაგედიაში და ქვეყნის იმიჯის დაზიანებაში შანსს ხედავენ, რას იმსახურებენ, ცოტა რთული სალაპარაკოა კამერების წინ. ამ ხალხთან გვაქვს ჩვენ ურთიერთობა და ეს ხალხია სამწუხაროდ დღეს ჩვენი ოპონირების გამწევი და ამას ოპონირება არ ჰქვია, ამას ჰქვია მტრობა ამ ქვეყნის და ამას ჰქვია ამორალურობა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.