შერიგებისა და სამოქალაქო თანასოწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი რუსულენოვანი ტელევიზიის შექმნის ინიციატივით გამოდის.
ქართულ მედიასივრცეში რუსულენოვანი არხის მაუწყებლობას საპარლამენტო უმრავლესობა დადებითად აფასებს. მათი თქმით, ეს არხი რუსულენოვან მოსახლეობას ინფორმაციას მიაწვდის.
“რუსული ენა, რომლითაც ტოლსტოი, დოსტოევსკი და პუშკინი მეტყველებდა არ არის რუსული პროპაგანდა, ამას პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს,“ – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გია ვოლსკიმ.
რა ფორმატით იმაუწყებლებს ახალი ტელევიზია, რა იქნება ტელევიზიის დაფარვის ზონა და რამდენს გამოყოფს სახელმწიფო არხის დასაფინანსებად?
„ეს მხოლოდ იდეაა, რომელიც ადრეც არაერთხელ გამიჟღერებია. თუმცა, აქვე აღვნიშნავს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ამ საკითხზე მთავრობის სხდომაზე იყო საუბარი, არ შეესაბამება სინამდვილეს. სხვა ფორმატებში კი ამ იდეაზე ბევრჯერ მისაუბრია. მაგალითად 2015 წლის 29 ნოემბერს ჟურნალისტებთანაც ვთქვი და ახლაც იგივეს გავიმეორებ: მიმაჩნია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას მათთვის გასაგებ ენაზე უნდა მიეწოდებოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება დანარჩენ საქართველოში. ეს სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, ამ ტერიოტორიების მცხოვრებთა დიდი ნაწილი ქართულ ენას უკვე აღარ ფლობს, განსაკუთრებით ახალგაზრდები. მათ არაფერი იციან საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ და საჭიროა, ამგვარი შესაძლებლობა შევქმნათ. არხი არ უნდა იყოს პროპაგანდისტული. ეს უნდა იყოს საინფორმაციო ტიპის ტელეარხი, რომლითაც ამ ტერიტორიების მოსახლეობა ინფორმაციას მიიღებს“. – განუცხადა „მეტრონომს ზაქარეიშვილმა.
მისი თქმით, ესტონეთში არსებობს ამ ტიპის ტელეარხი, რომელლის საშუალებითაც რუსულენოვან მოსახლეობას მიეწოდება ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ.
„მცირე ხნის წინ ევროკავშირმა შექმნა სპეციალური ვებგვერდი, რომელზეც პოსტსაბჭოთა სივრცის მოსახლეობისთვის ინფორმაცია რუსულ ენაზე ვრცელდება.
ამგვარი ტელეარხის არსებობის აუცილებლობას თითქმის, ყველა ეთანხმება, ვისთვისაც ეს იდეა გამიზიარებია, თუმცა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან და ბიუჯეტიდან გამომდინარე, ამჟამად მის რეალიზაციაზე საუბრიც კი ზედმეტია. ამდენად, არანაირი ტექნიკური საკითხების დამუშავება არ დაწყებულა. თუ აღმოჩნდება, რომ სახელმწიფოს იდეის განხორციელების საშუალება ექნება, ტექნიკურ საკითხებზე სპეციალისტებმა უნდა დაიწყონ მუშაობა“. – ამბობს მინისტრი.
პოლიტიკური ოპოზიცია აკრიტიკებს მინისტრის პოზიციას. ოპოზიცია ფიქრობს, რომ მძლავრი რუსული პროპაგანდის ფონზე რუსულენოვანი ტელევიზია ამ პროცესებს ხელს შეუწყობს.