ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, ცოტა ხნის წინ, ვაკის პარკის შადრევნის პროექტის ავტორები მივიდნენ. ისინი გამოკითხვაზე დაიბარეს.
ისინი კომპანია “ელემსის“ წარმომადგენლები არიან. მათ უწყებაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “ელემსიმ“ შეიმუშავა ის პროექტი, რომელიც შემდგომ უკვე კომპანია „გრინ სერვის პლუსმა“ განახორციელა.
„გამოსაკითხია სამი პირი, ეს არის პროექტის მთავარი არქიტექტორი, შპს „ელემსის“ დირექტორი და შპს „ელემსის“ დამფუძნებელი. თავიდან ბოლომდე შადრევნის და დამხმარე ინფრასტრუქტურის პროექტირება არის ამ ორგანიზაციის გაკეთებული. ყველაფერი არის ევროპული სტანდარტების დონეზე.
საპროექტო ნაწილმა გაიარა სრული ექსპერტიზა. აღნიშნული ტრაგედია რას უკავშირდება, ამაზე დღეს საქართველოში ამომწურავ პასუხს ვერ გაგცემთ ვერავინ,“ – ამბობს კომპანია „ელემსის“ ადვოკატი, ზაზა ნაჭყებია.