თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, კახა მურადაშვილის განცხადებით, ამ დრომდე ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 100-მდე ადამიანია გამოკითხული და ამოღებულია ყველა ის დოკუმენტაცია, რაც შემხებლობაში იყო პროექტთან.
“გამოძიების დაწყებისთანავე შემთხვევის ადგილზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებები, რომელშიც მონაწილეობას იღებდა როგორც შსს-ს, ასევე ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტები. დაიკითხნენ როგორც სამუშაოს შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლები, ასევე თბილისის საქალაქო სამსახურის თანამშრომლები, ასევე დაიკითხნენ პედაგოგები, მანდატურები და ყველა ის ადამიანი, ვინც შეესწრო ან რაიმე ინფორმაციას ფლობდა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.
დღემდე უწყვეტად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დაინიშნა ყველა საჭირო ექსპერტიზა – დაახლოებით 100-მდე პირია ამ ეტაპზე დაკითხული. გამოძიება სწავლობს ყველა იმ დოკუმენტაციას, რომელიც ამოღებულია შემსრულებელი კომპანიისა და თბილისის საქალაქო სამსახურიდან, ეს დოკუმენტაციაა საპროექტო, სამშენებლო, მიღება-ჩაბარების აქტები, ექსპერტიზის დასკვნები და ასევე, ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რომელიც შემხებლობაშია აღნიშნული სამუშაოს წარმოებასთან, თუ დაპროექტებასთან”. – თქვა მურადაშვილმა.
ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში შესულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. მათგან ერთი, მარიტა მეფარიშვილი კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.