პარტიის “საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებით, ქუთაისის საკრებულოს წევრი ნინო ჩიკვაშვილი მათი რიგებიდან გაირიცხა – ამის შესახებ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ, განაცხადა.
სიჭინავას განცხადებით, ,”ქართული ოცნება” სისტემატურად ახორციელებდა ზეწოლასა ნინო ჩიკვაიძეზე, აშანტაჟებდა მის მფლობელობაში არსებული კერძო სკოლების ფინანსური სანქციებით და ითხოვდა, დაეტოვებინა პარტია, თუმცა მისივე თქმით, საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად უნდა დარჩენილიყო და გადაწყვეტილებები მმართველი გუნდის სასარგებლოდ მიეღო.
“იმის მიუხედავად, ქვეყანაში რა ტრაგედიაც არის დატრიალებული, ,,ქართული ოცნება” სამწუხაროდ, იცლის იმისთვის, რომ უღირსად გაგრძელოს ბრძოლა ჩვენი პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით.
კიდევ ერთხელ გვსურს, სამძიმარი გამოვუცხადოთ მარიტას ოჯახსა და მეგობრებს, ბოდიშს ვუხდით საზოგადოებას, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით გვიწევს ბრიფინგის გამართვა, თუმცა ,,ოცნების” უღირსობამ სხვა გზა არ დაგვიტოვა.
პარტიის გადაწყვეტილებით ქუთაისის საკრებულოს წევრი, ნინო ჩიკვაშვილი, გარიცხულია პარტიიდან.
ნინო ჩიკვაშვილს, რომელიც იყო ქუთაისის საკრებულოს წევრი ჩვენი პარტიის სიით, ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად აშანტაჟებდნენ მის მფლობელობაში არსებული კერძო სკოლების ფინანსური სანქციებითა და ზეწოლის სხვადასხვა მექანიზმებით.
ნინო ჩიკვაშვილზე ზეწოლა ხორციელდებოდა სუსის, შემოსავლების სამსახურისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა მხრიდან.
ხელისუფლების პირობა იყო შემდეგი: ის უნდა წასულიყო პარტიიდან, ოღონდ უნდა დარჩენილიყო საკრებულოში ფსევდოდამოუკიდებელ დეპუტატად. სანაცვლოდ ,,ოცნება” ფინანსური სანქციების საკითხის მოგვარებასა და სხვა ბონუსებს სთავაზობდა.
ნინო ჩიკვაშვილს არაერთხელ შევთავაზეთ, გამოსულიყო და ,,ოცნების” მხრიდან ზეწოლის ფაქტებზე საჯაროდ ესაუბრა, თუმცა, უშედეგოდ – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.