გადადგეს კახა კალაძე და აიღოს მისი წილი პასუხისმგებლობა – თბილისის მერიასთან გამართული აქციის მონაწილეები ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის გამო დედაქალაქის მერის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ.
თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი, ცოტნე კობერიძე, ხელისუფლებას პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს.
“ამ ტრაგედიის გამო ცხადია, ბევრი ადამიანის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. როცა ერთის მხრივ ხედავ, რომ მერია შლის პოსტს, სადაც წერია, რომ ეს პარკი გაიხსნა, კონკრეტულად ეს ობიექტი, როცა ვხედავ, ,,ქართული ოცნების” დეპუტატი რა განცხადებას აკეთებს, ცხადია, ამით ცდილობენ, თავიდან აიცილონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა.
თუმცა როცა პარკს ხსნიან, მაშინ ძალიან კარგად იწერენ პოლიტიკურ ქულებს და იწონებენ თავს.
როცა ტრაგედია ხდება და პოსტებს შლი, ეს ნიშნავს, რომ არაკაცი ხარ, არაადამიანი.
უფრო მეტად მარტივი ქეისების დროს დაუტოვებიათ თანამდებონა დასავლური ყაიდის ქალაქებში მერებსაც და სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირებს.
ჩემი აზრით, აქაც ასეთი გადაწყვეტილება არის მისაღები.
ცხადია, ვიღაცეებსაც დააკავებენ, ვიღაც პასუხისმგებლობის მქონე პირებსაც იპოვიან, ვიღაც გამკეთებელს, ვინც რემონტირება გააკეთა, მაგრამ არ შეიძლება, პოლიტიკური პასუხისმგებლობა თავიდან იქნას არიდებული.
ვინც ჩაიბარა, ამაზე უნდა იყოს პასუხისმგებელი.
რომ ბედავს იმაზე საუბარს ,,ოცნების” წარმომადგენელი, რომ ბავშვი უპატრონოდ არ უნდა გაუშვა, ამის გამო ის რომ ამ წამსაც დეპუტატია, ის მერი, ახლა რომ პოსტებს შლის და კიდევ რომ მერი არის და არ გყავს გამოთრეული, ეს, ჩემი აზრით, პრობლემაა.
დროა, მსგავს საკითხებზე გამოფხიზლდეთ. ავტობუსის რიგში უფრო მეტი ხალხი დგას, ვიდრე აქ! – განაცხადა ,,გირჩი მეტი თავისუფლების” , – წევრმა, ცოტნე კობერიძემ.
ცნობისთვის, მერიის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გუშინ განთავსებული ვაკის რეაბილიტაციის ამსახველი ფოტო მასალა აღებულია.