ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საპატრიარქოს კუთვნილი კომპანიები და დასაქმებული სასულიერო პირები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ დაადგინა, რომ 2002 წლიდან 2014 წლამდე საქართველოს ხელისუფლების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს საპატრიარქოსთვის გამოყოფილი თანხა სულ მცირე 200 მილიონ ლარს შეადგენს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, საპატრიარქოს სრულ, ან ნაწილობრივ მფლობელობაში 27 ბიზნესკომპანია ფიქსირდება. ესენია: “აქვა გეო“, რომელიც მინერალურ წყალ “სნო“-ს აწარმოებს. პროდუქციის სახელწოდება პატრიარქ ილია II-ის მშობლიური სოფლის სახელიდან მოდის. კომპანია 2009  წელს დარეგისტრირდა და საპატრიარქო ამჟამად მის 20%-ს ფლობს. 2012 წლის დასაწყისიდან მოყოლებული “აქვა გეომ“ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში ჩატარებულ 26 სამთავრობო სატენდერო კონკურსში გაიმარჯვა, რომელთა საერთო ღირებულება 502,145 ლარს შეადგენს.

წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის დარიალის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის ფონდი – მთლიანად საპატრიარქოს ეკუთვნის. კომპანიას კონსტანტინე იაკობაშვილი (მეუფე იაკობი) ხელმძღვანელობს, რომელიც წმინდა სინოდის წევრი, საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე და პატრიარქის ქორეპისკოპოსია. დარიალის ხეობაში საეკლესიო კომპლექსის მშენებლობაში დახმარების მიზნით აღნიშნულ ფონდთან ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკუთრებაში არსებულმა “სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ 2 მილიონი ლარის საერთო ღირებულების ოთხი ხელშეკრულება გააფორმა.

საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნება“  საპატრიარქოს საკუთრებაა. ამჟამად კომპანიას ჭყონდიდის ეპარქიის ეპისკოპოსი პეტრე (პაატა ცაავა) ხელმძღვანელობს.  2010 წლიდან ტელეკომპანიას თბილისში, სანდრო ეულის ქუჩაზე, ორი შენობა და 4 151 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი უკავია, რომელიც ერთი წლით ადრე საპატრიარქოს ხელისუფლებამ უსასყიდლოდ გადასცა. ტელევიზიას თავის შესანახად საკმარისი სახსრები არ გააჩნია და სახელმწიფოსა და საპატრიარქოსგან ფინანსდება. საპატრიარქოს ასევე აქვს საკუთარი რადიო არხი – “ივერია“.

საავადმყოფოები: საპატრიარქოს საკუთრებაშია ოთხი საავადმყოფო: აქედან,“თერაპიული კლინიკა უპოვართათვის“, “წმინდა გიორგის სახელობის კარდიოლოგიური საავადმყოფო“-ს განვითარების ფონდი, ჩვეულებრივად ფუნქციონირებენ, თუმცა არაკომერციულ ორგანიზაციებადაა რეგისტრირებული.

დანარჩენი ორი საავადმყოფო, “წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი“ თბილისში და მეორე ქუთაისში – “საეკლესიო საავადმყოფო – წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ქსენონი“, შპს-ის სახით არის  რეგისტრირებული. ორივე საავადმყოფო საპატრიარქოს პრივატიზაციის პროცესის ფარგლებში გადაეცა – პირველი 2007 წლის დეკემბერში სიმბოლურ ფასად – 1 აშშ დოლარად, ხოლო მეორე – 2000 წლის აპრილში უფასოდ.

კვების პროდუქტების წარმოება: საპატრიარქოს საკუთრებაში არსებული კომპანიების სამეწარმეო საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება გახლავთ  ორგანული საკვების წარმოება. ეკლესიას თბილისში აქვს ორი მაღაზია სახელწოდებით “მონასტრის ბარაქა“.

საპატრიარქოს საკუთრებაში არსებული სხვა საწარმოები:

საპატრიარქოს ასევე ეკუთვნის რაგბის კლუბი “ბაგრატი“ ქუთაისში, თბილისის სამხრეთით მდებარე “კრწანისის ტყე-პარკი“, ხაშმის ღვინის ქარხანა კახეთში, 11 სკოლა (შპს-ები) საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და 1 საბავშვო ბაღი ბათუმში. 2010 წელს მაისში ბათუმისა და ლაზეთის ეპისკოპოსმა, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დისშვილმა, დიმიტრი შიოლაშვილმა, შპს “ქობულეთის წმიდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრი“ სამშენებლო-საპროექტო კომპანიად − შპს “იბერია ბურჯად“ გარდაქმნა. საჯარო რეესტრში გარდაქმნის რეგისტრაციისას წარდგენილია ბათუმისა და ლაზეთის ეპისკოპოსის სახელზე საპატრიარქოს მიერ გაცემული მინდობილობა, რომელშიც საუბარია ეპისკოპოსისთვის კომპანიის რეგისტრაციის უფლებამოსილების მინიჭებაზე.

2014 წლის იანვარში კიდევ ერთი სასწავლებელი, შპს “ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა“  გადაკეთდა კვების პროდუქტების მწარმოებელ და დისტრიბუტორულ კომპანიად.

საქართველოს საპატრიარქოს არაკომერციული ორგანიზაციები:

საპატრიარქოს დაფუძნებული აქვს სულ მცირე 84 არასამეწარმეო იურიდიული პირი, მათ შორის 4 უნივერსიტეტი, 5 სასულიერო სემინარია, 25 სკოლა, 8 სოციალური დაწესებულება, 18 საქველმოქმედო და განვითარების ფონდი და 16 კულტურული და სულიერი განვითარების ცენტრი. ზოგიერთი მათგანის წესდებაში კომერციული საქმიანობა მითითებულია როგორც დამხმარე.

საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია 90-მდე სემინარია, სკოლა და საბავშვო ბაღები, ასევე რამდენიმე ბავშვთა სახლი, რომლებშიც 2 000-ზე მეტი თანამშრომელი და 18 000-მდე მოსწავლე ირიცხება. ამ სკოლებიდან ბევრი საპატრიარქოს მიერაა დაარსებული და მათ ამჟამად ეპისკოპოსები ან ეკლესიის მაღალი იერარქიის სხვა წარმომადგენლები მართავენ.

„გამჭვირვალობა – საქართველომ“ დაადგინა, 2013 წელს საქართველოს საპატრიარქომ ცენტრალური ბიუჯეტიდან 25 მილიონი ლარი მიიღო. იგივე ოდენობის დაფინანსება აქვს გამოყოფილი 2014 წლის ბიუჯეტითაც.

ჩვენ გადავამოწმეთ გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და ირკვევა, რომ ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ“ აღნიშნული ინფორმაცია 2014 წლის სექტემბერში გამოაქვეყნა.

წყარო: mediacity.ge

იტვირთბა....