საქართველოსა და რუმინეთს გვაქვს ძალიან დიდი გამოცდილება რუსული იმპერიული და საბჭოთა პოლიტიკისა, ვიცით, რას ნიშნავს აგრესია, ოკუპაცია. ვიცით, რისი გამკეთებელია რუსეთი, საქართველოს მზად იყო და არის გამოიჩინოს სოლიდარობა უკრაინის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუმინეთის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესია კიდევ ერთხელ დაგმო და აღნიშნა, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება, დაუშვებელია.
„არ შემიძლია გამოსვლა არ დავიწყო, თუ რა ხდება ახლა უკრაინაში, არ დავგმო ის სასტიკი სარაკეტო იერიში, რომელიც დღეს, ახლა ხორციელდება უკრაინელ მოსახლეობაზე. რუმინეთი არის ის ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე გრძელი საზღვარი აქვს უკრაინასთან, კიდევ უფრო ახლოს ვართ ამ კონფლიქტთან. სრულიად ვუთანაგრძნობთ უკრაინელ ხალხს. ის, რაც ხდება უკრაინის ქალაქებში სრულიად მიუღებელია ცივილიზებული სამყაროსთვის. საქართველოსა და რუმინეთს გვაქვს ძალიან დიდი გამოცდილება რუსული იმპერიული და საბჭოთა პოლიტიკისა, ვიცით, რას ნიშნავს აგრესია, ოკუპაცია. ვიცით, რისი გამკეთებელია რუსეთი, ეს არის ამ აგრესიის კიდევ ახალ განზომილებაში გადასვლა. ის, რაც ისმის ბირთვული უსაფრთხოების კუთხით, რაც ხდება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც რუსეთი იწყებს ასევე მობილიზაციას, ეს ყველაფერი არის გაგრძელება იმ სასტიკი აგრესიისა, რომელიც დაუშვებელია. ჩვენი ქვეყნებისთვის, ევროპისთვის ეს არის მიუღებელი. ეს არის წარსულის ფორმა, რომელსაც არ ექნება ის შედეგი, რისი იმედიც ჰქონდა, ვინც დაიწყო ეს აგრესია. არავინ ამას არ დაუშვებს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ მთავარი იარაღი სოლიდარობაა.
„მთავარი იარაღი ამ აგრესიისა არის სოლიდარობა. მინდა, ქართველი ხალხის სრული სოლიდარობა გამოვუცხადო უკრაინელ ხალხს. ჩვენ ვიცით, დღეს რა მძიმეა მათი მდგომარეობა. საქართველოს მზად იყო და არის, გამოიჩინოს სოლიდარობა. ჩვენთან არის დაახლოებით 30 ათასი უკრაინელი და ჩვენთვის ეს არის ერთ-ერთი მთავარი, რომ მივცეთ საშუალება, მშვიდობიანად იყვნენ. მივესალმებით ევროკავშირის და ამერიკის ძალისხმევას, რომ ყველანაირად დაეხმარონ უკრაინას ამ თავდადებულ ბრძოლაში, რომელიც უთუოდ გამარჯვებით უნდა დასრულდეს, აქ წყდება ჩვენი მშვიდობა, დამოუკიდებლობა, მგონი, ეს კარგად გვაქვს შეგნებული“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.