ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო რუსეთში ადამიანის უფლებათა დარღვევის საკითხებზე სპეციალური მომხსენებლის თანამდებობას შექმნის

გაერო

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო რუსეთში ადამიანის უფლებათა დარღვევის საკითხებზე სპეციალური მომხსენებლის თანამდებობას შექმნის.

გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა საბჭოს წევრმა 17-მა ქვეყანამ, წინააღმდეგ წავიდა ექვი, დანარჩენებმა კი თავი შეიკავეს. მსგავსი გადაწყვეტილება პირველად არის მიღებული ქვეყნის მიმართ, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია.

გადაწყვეტილება მიღებულ იქნა რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ მრავალწლიანი და განგრძობადი ანგარიშების გამო. განსაკუთრებულ ყურადღებას გაერო უთმობს 24 თებერვლის შემდეგ რუსეთში მიღებულ ახალ კანონებს ფეიკისა და ჯარის დისკრედიტაციის შესახებ, რაც გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს, ასევე, ზრდის უფლებადამცველი ორგანიზაციების დევნას.
სპეციალური მომხსენებელი დააფიქსირებს ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტებს, იმუშავებს სამოქალაქო საზოგადოებასთან და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, ამასთან, მიაწოდებს ინფორმაციასა და რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანიზაციებს.

საბჭოს მომდევნო სესიაზე მომხსენებლის კანდიდატურა განისაზღვრება, ერთი წლის შემდეგ საბჭოსა და გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე პირველი მოხსენებით წარდგება.

ჯერჯერობით უცნობია ითანამშრომლებენ თუ არა მომხსენებელთან თვითონ რუსეთის ხელისუფლება ან მისი ოფიციალური ორგანოები, რომლებიც უფლებადაცვითი საქმიანობით არიან დაკავებულნი.

რუსეთის წარმომადგენელმა გაეროში, გენადი გატილოვმა თქვა, რომ რეზოლუცია “აგებულია აშშ-ს ინსინუაციებზე” და შექმნილია იმისთვის, რომ “ცრუ ბრალდებები აფრქვიონ რუსეთზე”.

იტვირთბა....