“გირჩის” წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, იარაღის კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ბონი დენის ჯენკინსის განცხადებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია ამერიკის ელჩთან ურთიერთობას „ქართული ოცნება“ რატომ იფუჭებს.
„ნიკა გვარამიასაც ჰქონდა ცუდი განცხადება, შეიძლება ნიკა მელიასაც, მაგრამ ისინი ოპოზიციაში არიან და როცა ეს მმართველი გუნდიდან მოდის, სულ სხვა წონა და მნიშვნელობა აქვს. უკვე ცხრა დეპუტატია, რომლებიც უმრავლესობის წევრები არიან, უბრალოდ სხდომათა დარბაზში სხვა ადგილას გადაჯდნენ და მათ თავდასხმა არაერთხელ განახორციელეს. თავადაც ამბობენ, რომ იდეურად ერთსა და იმავე პოზიციაზე არიან, უბრალოდ, გამოხატვის სხვა ფორმებს ირჩევენ. აქედან გამომდინარე, მათი ნებისმიერი პოზიცია შინაარსობრივად „ქართული ოცნების“ პოზიციაა. არ მესმის, ამერიკის ელჩთან ურთიერთობის გაფუჭების რა საჭიროებაა და ამას „ქართული ოცნება“ რატომ აკეთებს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
ცნობისთვის,იარაღის კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ბონი დენის ჯენკინსმა, განაცხადა:
“ვიზიტის განმავლობაში შევხვდები ქართველ ლიდერებს, მოუთმენლად ველოდები, გავაჟღერო გზავნილი იმ უმნიშვნელოვანესი სამუშაოს მიმართ, რასაც ელჩი დეგნანი ახორციელებს”.
მისი თქმით, ელჩ კელი დეგნანზე თავდასხმები უაღრესად შემაშფოთებელი იყო.