მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მობილიზაციის გამო, რუს პოლიციელებს ქვეყნის საზღვრების დატოვება აეკრძალათ. შესაბამისი ბრძანება რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ კოლოკოლცევმა გასცა.
როგორც 47news.ru წერს, ქვეყნიდან გასვლა იმ სამართალდამცავებს არ შეუძლიათ, რომლებმაც ბილეთები მობილიზაციის გამოცხადების, 21 სექტემბრის შემდეგ შეიძინეს, ხოლო მათზე, ვისაც ბილეთები მანამდე ჰქონდა ნაყიდი, შეზღუდვა არ ვრცელდება.
ამასთან, გამოცემა Baza წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შსს-ს თანამშრომლები, მათ შორის ქალები, რუსეთს 23 სექტემბრიდან ვეღარ დატოვებენ იმ ბილეთებით, რომლებიც მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ აქვთ შეძენილი ან დაჯავშნილი, თუმცა, ამისთვის შესაბამისი დოკუმენტების წარდგენა მოეთხოვებათ. იგივე ინფორმაციას ავრცელებს ATOR-იც. როგორც გამოცემა აღნიშნავს, შეღავათი არ ვრცელდება პოლიციელებზე, რომლებსაც სახელწიფო საიდუმლოებაზე აქვთ წვდომა – მათ, პასპორტის ჩაბარება მოეთხოვებათ.
აღსანიშნავია, რომ როგორც Baza წერს, ორმა პოლიციელმა ბრძანების გამოცემამდე ორი დღით ადრე მოასწრო რუსეთის ტერიტორიის დატოვება და საქართველოში გადმოსვლა.
“მათ ხელმძღვანელობის გაუფრთხილებლად და ნებართვის გარეშე შეძლეს საქართველოში გადასვლა”, – წერს Baza “ტელეგრამზე”.