პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2023 წლიდან ბიუჯეტში საჯარო სკოლების მასწავლებელთა ხელფასებისა და დანამატების, ასევე მანდატურების ხელფასების 10%-ით გაზრდაა გათვალისწინებული.
„განათლებასა და მეცნიერებაზე ზრუნვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. საჯარო სკოლების მასწავლებელთა ხელფასები და დანამატები იზრდება, ასევე მანდატურების ხელფასები გაიზრდება. საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ პერსონალის ხელფასები 10%-ით გაიზრდება, ეს ყველა საჯარო მოხელეს შეეხება. ასევე, ჩვენ გავზრდით პროფესიული სასწავლებლების პედაგოგთა საათობრივ ანაზღაურებას. ვიწყებთ 500-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაციას და მშენებლობას. მოგეხსენებათ, ჩვენ გავაკეთეთ გეგმა, 800 სკოლა არის ძალიან მძიმე, სავალალო მდგომარეობაში, ამისთვის გამოყოფილია ძალიან დიდი თანხები, დაახლოებით მილიარდ ლარამდე 3 წლის განმავლობაში. ამ მიზნით, 2023 წელს ბიუჯეტში 300 მილიონი ლარია გათვალისწინებული. 500 სკოლის რეაბილიტაცია დაიწყება იანვრიდან. ასევე, მინდა ვთქვა, რომ მუნიციპალიტეტების გაზრდილი შემოსავლის ფარგლებში, შესაძლებელი იქნება საბავშვო ბაღის თანამშრომელთა ხელფასების ზრდაც, ესეც გათვალისწინებული გვაქვს ამ ბიუჯეტში“, – განაცხადა პრემიერმა.