ახალი ამბები ბლოგები

ოსტენდელი მეოცნებე

თითქმის ყველაფერი ფრანგული, დაწყებული მარციპანიანი კროასანებითა და დამთავრებული მონპარნასის კოშკით, ჩემთვის ისევე ძვირფასია, როგორც ერთი გემრიელი რომანი. სხვათა შორის, ისე დაემთხვა რომ ჩემი საყვარელი რომანები სწორედაც რომ ფრანგ ავტორებს ეკუთვნით: უელბეკის ”კუნძულის შესაძლებლობა”, სელინის ”მოგზაურობა ღამის დასალიერში”, ბალზაკის ”გობსეკი”. თუმცა, დღემდე, ჩემთვის მხოლოდ ოთხი ფრანგი რჩებოდა ”განუმეორებლად”, თუ შეიძლება ასე მოიხსენიო რომელიმე შეშლილი ფრანგი: ზემოთ ნახსენები მიშელ უელბეკი, შარლ დე გოლი, ლუი დე ფიუნესი და ვიქტორ ჰიუგო… მაგრამ…

…მაგრამ, გამოჩნდა მეხუთე ადამიანი, – ყველასგან და ყველაფრისგან განსხვავებული, უცნაური, მელანქოლიური მორალისტი, რომლის ნაწარმოებებშიც ჯერ-ჯერობით არ გამორეულა ისეთი (ჩემთვის, ყოველ შემთხვევაში), ცუდიაო, რომ თქვა.

და საერთოდ, ვინ არის ერიკ-ემანუელ შმიტი?

შმიტი მორიგი შეშლილი ფრანგია. ოღონდ, სხვა შეშლილებისგან განსხვავებით იგი არ ცელქობს, არ ეწევა პროვოკაციას და არ ეხვევა სკანდალებში. შმიტი მხოლოდ და მხოლოდ წერს და წერს, წერს და წერს. წერა კი ისე კარგად გამოსდის, ნებისმიერ მწერალს შეშურდებოდა.

ის, რაზეც შმიტი წერს, არავისთვის არ წარმოადგენს უცხოს – სიყვარული, ღალატი, დაბადებიდან ადამიანის თანმდევი შური და სისასტიკე, მეგობრობა, შურისძიების დაუოკებელი სურვილი და ბოლოს ისევ სიყვარული.

შმიტის მოთხრობები, თუნდაც ერთი თემის ირგვლივ ტრიალებდეს, მაინც აბსოლუტურად ინდივიდუალურია და რეჩიტატივად ისეთი სევდა გასდევს, ძნელია ემოციების მოზღვავებისგან ზილიონ უჯრედად არ დაიშალო.

კითხულობ, კითხულობ და მიუხედავად მშვიდი, თითქოს მდარე სიუჟეტისა, შანსი არაა კითხვისას წიგნი გვერდზე გადადო. თითქოს რაღაც ჯადოქრობის საშუალებით ავტორი სიტყვებს შორის უხილავ ფორებს ხსნის, საიდანაც ერთგვარი ”დამაჰიპნოზებელი ფერომონები” გამოიყოფა და სქელი, მჭიდროდ შეკრული ჯაჭვით გაბამს გვერდებზე.

”ოსტენდელი მეოცნებე” გამომცემლობა ”პალიტრა L”-მა გამოსცა. თარგმანი მერაბ ფიფიას ეკუთვნის. კრებული ავტორის ხუთ მოთხრობას აერთიანებს და ხუთივეში მთავარი გმირი კვდება.

(რჩევა სტატიის ავტორისგან: თვალი არ გაგექცეთ და გარეკანზე გამოტანილი ანოტაცია არ წაიკითხოთ, რადგან ფარდა აეხსნება პირველივე მოთხრობის, ”ოსტენდელი მეოცნების” საიდუმლოს. გული დამწყდა, როცა კითხვისას უკვე ვიცოდი რა ხდებოდა. ალბათ წიგნს ეს ერთადერთი მინუსი აქვს. ხოდა, გაფრთხილებულები ხართ უკვე!)

თითოეული მოთხრობა ოსტატურადაა დაწერილი – ყველაფერს თავისი ადგილი, თავისი დრო აქვს. შმიტი ზედმეტს არაფერს ამბობს. თითქოს, წერის დაწყებამდე ირგვლივ ფანქრით საზღვარს ავლებს და ცდილობს არ გადაკვეთოს. დარწმუნებული ვარ მოთხრობები ორიგინალში, ფრანგულადაც ისევე სასიამოვნოდ იკითხება, როგორც არაჩვეულებრივ ქართულ თარგმანში.

შმიტის კითხვისას ისეთი შეგრძნება გიჩნდება, თითქოს მობილურზე ორიოდე წუთის წინ დიდი ხნის წინ დავიწყებულმა ნაცნობმა დაგირეკა და შენც თავიდან აზრზე ვერ მოდიხარ, ვის ელაპარაკები.

დიახ, ასეთია ერიკი.

კრებულიდან, პირადად მე ”მაკულატურას” გამოვარჩევდი, რომელშიც ნათლადაა წარმოჩენილი დღევანდელ მსოფლიოში შექმნილი ლიტერატურული ტენდენციები, ყელში გამომცემლისხელებწაჭერილი კომერციალიზებული ავტორები და მათი ლიტერატურის ზემოქმედება ფართო მასებზე. ასევე, ზოგადად ლიტერატურის ძალა და ადამიანით მანიპულირების უნარი.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ – ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში გამეინსტრიმებული ავტორებიდან, შმიტი ალბათ მეორე ყველაზე დამსახურებული ტრიუმფატორია (მიშელის შემდეგ, რა თქმა უნდა).

რაც არ უნდა მოხდეს, სადაც არ უნდა იყოთ, იქნება ეს ღაზას სექტორი თუ ბებიის ბუხარაგიზგიზებული სახლი სოფელში, იკითხეთ შმიტის პიესები, იკითხეთ შმიტის რომანები და რაც ყველაზე მთავარია – იკითხეთ შმიტის მოთხრობები; ”ოსტენდელი მეოცნებე” კი მათი მცირე ნაწილის საინტერესო კოლაჟია.

იყავით ერთდროულად ფლეგმატური და ნევროტული ერიკ-ემანუელ შმიტთან ერთად.

ლაშა მილორავა

 

იტვირთბა....