“ლელოს” დეპუტატი სალომე სამადაშვილი სპორტისა და კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის მიერ ძალადობის ფაქტის შესახებ გაცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ძალადობა არის ის, რდესაც დამოუკიდებელ სპორტულ ფედერაციებს დაფინანსების შეწყვეტით აშანტაჟებს. მისი შეფასებით, კულტურის მინისტრს მყარად აქვს გადაწყვეტილი, აღადგინოს საბჭოთა სისტემა კულტურის და სპორტის მართვის სფეროში:
„რამდენადაც ჩემთვის არის გასაგები, ქალბატონი წულუკიანი ატერორებს დამოუკიდებელ სპორტულ ორგანიზაციებს, რომ თუ ისინი არ მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, როგორსაც ითხოვს წულუკიანი, მათ შეუწყდებათ დაფინანსება. მსგავსი მეთოდებით სპორტის და კულტურის სფეროს მართავდნენ საბჭოთა კავშირში, როგორც ჩანს ქალბატონ წულუკიანს ძალიან მყარად აქვს გადაწყვეტილი, აღადგინოს საბჭოთა სისტემა, რაც შეეხება ჩვენი კულტურის და სპორტის მართვის სფეროს. რაც შეეხება მის განცხადებებს, ქალბატონი წულუკიანი ბევრ განცხადებას აკეთებს, მაგრამ შემდეგ უჭირს შესაბამისი საბუთის წარმოდგენა. მე, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ყურადღებით ვეკიდები ქალების წინააღმდეგ ძალადობას და თუ მსგავს ძალადობის მუქარას ჰქონდა ადგილი, საინტერესოა, ქალბატონმა წულუკიანმა რატომ არ გადადგა შესაბამისი ნაბიჯები, მე რომ ვინმე ძალადობით დამემუქროს, შემიძლია გითხრათ, რომ მყისიერად მივმართავ შესაბამის ორგანოებს რეაგირებისთვის. ქალბატონი წულუკიანი არის სისტემატური მატყუარა, ის არის ასევე სისტემატური მოძალადე თავად. ძალადობაა, როცა დამოუკიდებელ სპორტულ ორგანიზაციას ეუბნები – ან გადააყენე შენი თავმჯდომარე ან შეგიწყვეტ დაფინანსებას. საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ ეს დაფინანსება არ არის წულუკიანის პირადი სახსრები, ეს არის გადასახადების გადამხდელთა ჯიბიდან ამოღებული ფული, რომელიც გადაწყვიტა, რომ უნდა გამოიყენოს ტერორისთვის და თავდასხმისთვის. ამიტომ ჩემთვის გასაკვირი არ არის, რომ ის არის ზონდერ მინისტრი, რადგან სწორედ ასე იქცევიან ზონდერ ჯგუფები, როგორც იქცევა ქალბატონი წულუკიანი,”- აღნიშნა სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა დავით წიკლაურმა მასზე ხელით დასარტყმელად გაიწია. თავად წიკლაურმა ბრალდებები უარყო და მინისტრის განცხადებას ცილისწამება უწოდა.