ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტი უკიდურესად არამეგობრული და არასწორი ნაბიჯია” – “ხალხის ძალა”

ხალხის ძალა

“ოცნებისგან” გამოყოფილმა დეპუტატებმა – სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, გურამ მაჭარაშვილმა და მიხეილ ყაველაშვილმა პარტია “ხალხის ძალის” სახელით ამჯერად განცხადება ბელარუსის პრეზიდენტის, ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებით გაავრცელეს.

მიმართვაში ისინი აღნიშნულ ვიზიტს გმობენ და აცხადებენ, რომ ეს უკიდურესად არასწორი და არამეგობრული ნაბიჯია ბელარუსის პრეზიდენტის მხრიდან:

“ვგმობთ ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ე.წ. ვიზიტს აფხაზეთში, როგორც უკიდურესად არასწორ და არამეგობრულ ნაბიჯს.

გამოვთქვამთ იმედს, რომ ბელარუსის ხელისუფლების მიერ არ გადაიკვეთება საბოლოო წითელი ხაზი ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობებში და არ მოხდება აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.
ჩვენი მიზანია აფხაზებთან ძმური თანაცხოვრების აღდგენა, რისი ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ქართველებისა და აფხაზების კიდევ ერთი შეიარაღებული დაპირისპირების არდაშვებაა.

სწორედ მშვიდობიანი ფორმით უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ქართველებისა და აფხაზების სამომავლო ძმური თანაცხოვრება ერთიან ქართულ სახელმწიფოში.​ ​ამ მიდგომიდან და მიზნიდან ვერ უნდა გადაგვახვევინოს ვერავითარმა პროვოკაციამ, საიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის“,- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 28 სექტემბერს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში არაოფიციალური ვიზიტით ჩავიდა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა.

იტვირთბა....