პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საქართველოში შიგანაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ მონაცემებს ეხმაურება რუსეთიდან ბოლო 10 დღეში შემოსული მოქალაქეების შესახებ.
როგორც ხუხაშვილი წერს, ამ სტატისტიკის მიხედვით, ზამთრისთვის საქართველოში შესაძლოა 100-150 ათასი, ფინანსების გარეშე დარჩენილი რუსი მივიღოთ, რაც ქვეყანას უსაფრთხოების და პოლიტიკური რისკების წინაშე დააყენებს.
“შსს-ს ოფიციალურ სტატისტიკას რომ გავყვეთ:
10 დღეში შემოსულებსა და გასულებს შორის სხვაობა გვაქვს დაახლოებით 16,5 ათასი რუსეთის მოქალაქე.
თან უნდა გვესმოდეს, რომ ეს სხვაობა დრამატულად გაიზრდება, რადგან ტურისტული სეზონი დასრულდა, ანუ გასულების რაოდენობა მკვეთრად შემცირდება, შემოდინება კი გრძელდება.
აქ საინტერესოა, რომ 10 დღეში შემოვიდა 78 ათასი ადამიანი. დინამიკა არ მცირდება. ეს ხალხი საქართველოს უკვე არ და ვერ დატოვებს უკრაინაში ომის დამთავრებამდე, რაც არც თუ მალე მოხდება.
მიახლოებითი გათვლებით, ზამთრისთვის საქართველოში შესაძლოა მივიღოთ 100-150 ათასი აგრესიული რუსი, რომელთა დიდი ნაწილი ფინანსების გარეშე დარჩება, რადგან დღევანდელი ტალღა წინასგან განსხვავებით, არ განეკუთვნება საშუალო ფენას, უბრალოდ სტიქიურად გამოურბის ომს.
დასკვნა თქვენთვის მომინდვია – რა დემოგრაფიული, სოციალური, კრიმინალური, სახელმწიფო უსაფრთხოების და საბოლოო ჯამში პოლიტიკური რისკების წინაშე შეიძლება დადგეს ქვეყანა, უკრაინის ომის ფონზე ამ მორალურ კატასტროფას რომ თავი დავანებოთ…”, – წერს ხუხაშვილი.