ნანუკა ჟორჟოლიანმა, ამჯერად უკვე საჯარო ჭორაობით და ტყუილების ფრქვევით, მისივე ტერმინით თუ ვიტყვით, „გააბედნიერა“ ყველა, ვისაც გაახარებს მიხეილ სააკაშვილის დაფუძნებული პარტიის დაზიანება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, პეტრე ცისკარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საეჭვოა ნანუკა ჟორჟოლიანს ეს არ ესმოდეს.
„ანუ შეგნებულ, მიზანმიმართულ და ბოროტ, განზრახულ კამპანიასთან გვაქვს საქმე. ამ ბინძურ პროვოკაციას არც ვუპასუხებდი, რომ არა ჩვენი პარტიის წევრების და მიშას ნამდვილი გულშემატკივრების ინტერესი იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა რეალურად და როგორ იგეგმებოდა აქციები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების, მისი სამოქალაქო ჰოსპიტალში გადაყვანის მოთხოვნით. ჩვენ დავაორგანიზეთ ათეულობით აქცია, მსვლელობა, პიკეტი როგორც რუსთავის ციხესთან, ასევე თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში.“
ცისკარიშვილის განცხადებით ყველა აქცია, მისი ლოკაცია და შინაარსი შეთანხმებული ჰქონდა სააკაშვილთან.
„ბოდიში, თუ ქ-ნ ნანუკა ჟორჟოლიანს წინასწარ არ ვუთანხმებდით ყოველ ჩვენს ნაბიჯსა და აქტიურობას.“ – წერს პეტრე ცისკარიშვილი