ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მედვედევის მუქარა: „საჭიროების შემთხვევაში, ბირთვულ იარაღს გამოვიყენებთ“

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ისევ იმუქრება და აცხადებს, რომ რუსეთს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში ბირთვული იარაღი გამოიყენოს. ის დასავლეთის მისამართით ცინიკურ რიტორიკას არ ცვლის და ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ აშშ და ბრიტანეთი არ შეწყვეტენ რუსეთზე ზეწოლას, მაშინ რუსულ მხარეს შესაბამისი რეაგირება მოუწევს:

„ბაიდენი და ტრასი, ასევე ბლინკინები და სალივანები რუსეთს სთხოვენ, „ბირთვულ ღილაკს“ ხელები მოაშოროს. ისინი ერთად მუდმივად გვემუქრებიან „საშინელი“ შედეგებით, თუ რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს და ლონდონელი დეიდა, ახალგაზრდა ჭკუით, სრულიად მზად არის დაუყოვნებლივ დაიწყოს საპასუხო ბირთვული დარტყმები ჩვენს ქვეყანასთან. კიდევ ერთხელ უნდა შეგახსენოთ – ყრუ-მუნჯებისთვის, ვისაც მხოლოდ საკუთარი თავის ესმის – რუსეთს უფლება აქვს გამოიყენოს ბირთვული იარაღი საჭიროების შემთხვევაში. თუკი ჩვენ ან ჩვენს მოკავშირეებს თავს დაესხმებიან ამ ტიპის იარაღის გამოყენებით, ან თუ ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით აგრესია საფრთხეს უქმნის ჩვენი სახელმწიფოს არსებობას. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ პირდაპირ ისაუბრა.

თუ რუსეთის მიმართ საფრთხე გადააჭარბებს დადგენილი საფრთხის ზღვარს, ჩვენ მოგვიწევს რეაგირება. ვინმესგან ნებართვის თხოვნისა და ხანგრძლივი კონსულტაციების გარეშე და ეს ნამდვილად არ არის ბლეფი. მჯერა, რომ ნატო ამ სიტუაციაშიც პირდაპირ არ ჩაერევა კონფლიქტში. ვაშინგტონის, ლონდონისა და ბრიუსელის უსაფრთხოება ხომ ნატოსთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მომაკვდავი უკრაინის ბედი, რომელიც არავის სჭირდება, თუნდაც ის უხვად იყოს მომარაგებული სხვადასხვა იარაღით“, – აცხადებს მედვედევი.

იტვირთბა....