ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

რუსები უკრაინაში ცხელ ხაზზე რეკავენ და კითხულობენ როგორ ჩაბარდნენ ტყვედ – მედია

რუსები უკრაინაში ცხელ ხაზზე რეკავენ და კითხულობენ როგორ ჩაბარდნენ ტყვედ, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შემთხვევებმა მკვეთრად იმატა მას შემდეგ, რაც რუსეთში ნაწილობრივი  მობილიზაცია გამოცხადდა.

“ინტერფაქსი” წერს, რომ უკრაინელებმა შექმნეს სპეციალური პროექტი, სახელწოდებით “მე მინდა ვიცხოვრო”, რომლის ფარგლებში ყველა რუსს შეუძლია ტყვედ ჩაბარება. ასევე ცხელ ხაზზე დარეკვა შეუძლიათ იმ უკრაინელებსაც, რომელთაც ოკუპანტები საკუთარ მხარეს ბრძოლას აიძულებენ.

“სახელმწიფო პროექტი “მე მინდა ვიცხოვრო” გრძელდება, ეს არის ცხელი ხაზი, რომლის საშუალებითაც ყველა რუს დამპყრობელს შეუძლია დანებდეს, გადაარჩინოს საკუთარი სიცოცხლე და მიიღოს დახმარება ჟენევის კონვენციის შესაბამისად დემოკრატიულ ცივილიზებულ ქვეყანაში.

ბევრია ცხელ ხაზზე ზარები ახლად მობილიზებული რუსებისგან ან თუნდაც მათგან, ვინც ჯერ კიდევ არ არის მობილიზებული, ანუ რეკავენ და კითხულობენ: თუ მობილიზებული ვარ, რა ვქნა, რა გავაკეთო, როგორ ჩავბარდე ტყვედ… არსებობს ასეთი შემთხვევებიც“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

უკრაინის სადაზვერვო უწყებაში აღნიშნავენ, რომ მობილიზებულ რუსებში დაბალი მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობაა.

დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ ცხელი ხაზით სარგებლობა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებლებსაც შეუძლიათ, რომლებიც, მათი ნების საწინააღმდეგოდ, საოკუპაციო არმიის რიგებში შეიყვანეს.

მისი თქმით, ბოლო დროს ოკუპირებული ყირიმის მობილიზებული მაცხოვრებლების მხრიდან არაერთი გამოძახება იყო.

„მხოლოდ რუსებს არ ეხებათ – ასევე შეიძლება იყვნენ ORDLO-ს მაცხოვრებლები… იძულებით მობილიზებულნი, რომლებსაც ომი არ სურდათ. ახლა ყირიმელები აქტიურად რეკავენ და ბევრი ადამიანი, ვინც უკრაინულ პასპორტებს ინახავს ამბობს: ძალით გვაიძულებენ, ჩვენ არ გვინდა ბრძოლა. ასე რომ, პროექტი “მე მინდა ვიცხოვრო” არის პროექტი რუსებისთვის, რომლებმაც გადაიფიქრეს ბრძოლა და  “რუსული სამყაროს” უცნობი იდეალებისთვის სიკვდილის ნაცვლად სიცოცხლე არჩიეს“, – აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია  გამოაცხადა, რომლის ფარგლებში 300 000 რეზერვისტს სამხედრო სამსახურში გამოიძახებენ.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი საზღვრების ჩაკეტვას 28 სექტემბერს გეგმავს, მას შემდეგ რაც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმები დასრულდება.

რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....