ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში ახალგაზრდების უმუშევრობის დონე ევროპის მაჩვენებელს 2,5–ჯერ აღემატება

უმუშევრობა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა, თითქმის ყველა ასაკის ადამიანი დასაქმების პრობლემას უჩივის. UNICEF-ის კვლევის თანახმად, უმუშევრობის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ ახალგაზრდებში დგას. გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გამოქვეყნებულმა სტატისტიკურმა მონაცემებმა, კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა ახალგაზრდებში არსებული უმუშევრობის მაღალი დონე.

კვლევის მიხედვით, საქართველოში შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობაში ყველაზე მაღალი უმუშევრობის დონე 15-29 წლამდე ახალგაზრდებში ფიქსირდება. ამ ასაკის ახალგაზრდებში სამუშაოს მაძიებელთა აქტიურობის დონე 60%-ს აღწევს, თუმცა, უმუშევრობა 30,7%-ია. ამასთან აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდების დიდი ნაწილი (33,2%) უმაღლესი განათლებითაა.

ამავე დროს NEET-ის (young people not inemployment, education or training) ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალგაზრდებში უმუშევრობის დონე 31,2%-ია, მათ შორის 64,4% ქალები არიან.

საქართველოში ახალგაზრდების უმუშევრობის მაჩვენებელი ევროპის საშუალო მაჩვენებელს (13,1%) თითქმის 2,5_ჯერ აღემატება.

„დღეს ჩვენი ქვეყნის უმთავრესი პრობლემა სწორედ უმუშევრობაა და განსაკუთრებით ახალგაზრდების დასაქმება. მათი დიდი ნაწილი ამოვარდნილია ეკონომიკური პროცესებიდან.

18_დან 24 წლამდე ახალგაზრდები სტუდენტები არიან, რომლებმაც დაამთავრეს ან ამთავრებენ უნივერსიტეტს. სტუდენტები წარმოადგენენ სოციალურად დაუცველ ჯგუფს, რადგან არ გააჩნიათ საკმარისი პროფესიული მომზადება. 25_დან 29 წლამდე ახალგაზრდებს, ძირითადად, უკვე აქვთ გაკეთებული პროფესიული არჩევანი, მათ იციან რა უნდათ, უმრავლესობას საკუთარი ოჯახიც ჰყავს და საკმაოდ მაღალ მოთხოვნებს აყენებენ შემოთავაზებულ სამუშაოზე“, – აღნიშნავს european.ge-ს მთავარი რედაქტორი მათე გაბიცინაშვილი.

საქართველოსგან განსხვავებით, სტუდენტებს დასაქმების მეტი შესაძლებლობები აქვთ განვითარებულ ქვეყნებში. მაგალითად, ნორვეგიაში სტუდენტებს აქვთ საშუალება სწავლასთან ერთად დღის მეორე ნახევარში იმუშაონ მაღაზიებში მიმტანებად, გაზეთების დამრიგებლად და ა.შ. ნორვეგიელი სტუდენტებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს ლექციებზე დასწრება, რადგან მათი სამუშაო განაკვეთი მხოლოდ ოთხი საათია.

„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია 18_დან 24 წლამდე ასაკის ახალგაზრდები, რომლებიც პირველად გადიან შრომით ბაზარზე. სიტუაციას ამძიმებს განათლების სისტემის პრობლემაც. საქართველოში ხარისხიანი საუნივერსიტეტო განათლების მიღება ფაქტიურად შეუძლებელია. ახალგაზრდები საკუთარი არაკვალიფიციურობის გამო კარგ სამსახურს ვერ შოულობენ, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ახალგაზრდებში პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების დაქვეითებასა და კარიერისტული სულის ამაღლებას.

საჭიროა სპეციალური ადაპტაციის პროგრამები, რომელიც ახალგაზრდა თანამშრომლებს დაეხმარება ადეკვატურად აღიქვან არსებული სოციალურ შრომითი ურთიერთობების სფერო. საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან შემუშავდეს ახალგაზრდების დასაქმების პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებული იქნება ახალგაზრდების ინტერესებზე.

ჩვენ გვაქვს ასეთი ინიციატივა, რომ გარკვეულ ასაკამდე სტუდენტები, რომლებიც მუშაობენ განთავისუფლდნენ საშემოსავლო გადასახადისგან, რაც გამოიწვევს მათი შემოსავლის გაზრდას და შესაბამისად მეტი სტიმულის გაჩენას ახალგაზრდებში.

სტუდენტებმა უნდა დაიწყონ სწავლის პარალელურად მუშაობა, რაც ხელს უწყობს, როგორც დამოუკიდებლად ცხოვრების დაწყებას ისე სამუშაო გამოცდილების მიღებასა და შრომით ბაზარზე თავის დამკვიდრებას. ცხადია იმისთვის, რომ ეს ეკონომიკისთვის შეთავსებადი იყოს, აუცილებელია სოლიდარული საგადასახადო სისტემაზე გადასვლა. მაგალითად, პროგრესული გადასახადის შემოღება”. – განაცხადა მათე გაბიცინაშვილმა.

 

გაზეთი “ბანკები და ფინანსები”

იტვირთბა....