უკრაინის რადას დეპუტატის, ოლექსეი გონჩარენკოს თქმით, საქართველომ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც მობილიზაციას გამოექცნენ, საზღვარზე არ უნდა შემოუშვას.
“ამ მობილიზაციით პუტინი ცდილობს, კიდევ უფრო დიდხანს გააგრძელოს ომი. მობილიზაციის გამოცხადება ნიშნავს, რომ პუტინი მარცხდება. ნაწილობრივი მობილიზაცია – ეს უბრალოდ ფორმალობაა. სინამდვილეში, რუსები ტოტალურ მობილიზაციას აცხადებენ. რუსეთში პანიკაა. რუსები ყველა მიმართულებით გარბიან, მირბიან საქართველოსკენაც. ეს არის შიში, რომელიც პუტინმა დათესა. მისი გადაწყვეტილებაა ომის გახანგრძლივება, თუმცა, შედეგებს ვერ შეცვლის, რადგან უკრაინა გაიმარჯვებს. ძალიან კარგად მოიქცნენ ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი და პოლონეთი – ამ ქვეყნებმა რუსეთის მოქალაქეებს საზღვრები ჩაუკეტეს. ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. არც საქართველომ უნდა მიიღოს ეს ადამიანები. ბოლოს და ბოლოს, ეს ქვეყანა უკონტროლო ტერიტორია ხომ არ არის, სადაც ყველას შეუძლია შევიდეს. რუსები სრულ იზოლაციაში უნდა მოექცნენ და იგრძნონ იმ მონსტრის სიძლიერე, რომელიც თავად შექმნეს”, – განაცხადა გონჩარენკომ “მთავარ არხთან” ჩართვაში.