ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

წულუკიანი: შეთავაზება მაქვს მსახიობებთან, მაგრამ როგორც იტყვიან, კაცია და გუნება

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი შტატიან მსახიობებს, რომლებიც რამდენიმე თეატრში მუშაობენ, ანაც საკუთარ თეატრში რამდენიმე პოზიციას იკავებენ, სთავაზობს, რომ ყველა იმ ხელფასის შენარჩუნებით, რასაც დღეს იღებენ, მხოლოდ ერთ თეატრსა და ერთ პოზიციაზე იმუშაონ. წულუკიანის თქმით, ამ თემაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა თუ მსახიობები აღნიშნულ შეთავაზებას მიიღებენ, ის ძალაში შევა, ხოლო თუ არ მას არ გაიზიარებენ, ამ კუთხით ცვლილება არ განხორციელდება.

“მწირი ხელფასის გამო, ერთი და იგივე მსახიობი მუშაობს რამდენიმე თეატრში, გვაქვს შემთხვევები, როცა ერთი და იგივე პირი (იმიტომ, რომ თეატრებს არ ეხება მკაცრი საკანონმდებლო რეგულაციები), ერთსა და იმავე თეატრში ორ ან სამ თანამდებობაზე მუშაობს. ეს გასაჭირისგან არის და არა იმის გამო, რომ ერთ ადამიანს ეხალისება რამდენიმე თეატრში მუშაობა ან ერთი და იმავე თეატრში სხვდასხვა ფუნქციის შესრულება. შეთავაზება იქნება ასეთი, თუ კი ამას გაიზიარებენ ჩვენი მსახიობები, რომ მსახიობი, რომელიც არის შტატში (თუ შტატგარეშეა და თან მიწვეულია, რასაკვირველია, ის ითამაშებს იმდენ თეატრში, რამდენშიც უნდა და ამას ვერავინ ვერ და არ გააკონტროლებს), მაგრამ თუ ის არის შტატიანი თანამშრომელი და პრინციპში, საჯარო მოხელესთან მიახლოებული პირი გამოდის, მაშინ მას ჰქონდეს მხოლოდ ერთ თეატრში მუშაობის უფლება იმ დათქმით, რომ ყველა ის ხელფასი, რასაც დღეს იღებს ვთქვათ სამ თეატრში მუშაობისას, ჰქონდეს გაერთიანებულად იმ ერთ შტატზე. მე ვფიქრობ, რომ ეს კარგი წინადადებაა, მაგრამ როგორც იტყვიან შემოქმედებითი ადამიანების სამყაროში – კაცია და გუნება. თუ ამას გაიზიარებენ, რაც მათთვის სასიკეთოა, ძალიან კარგი იქნება”, – განაცხადა წულუკიანმა პარლამენტში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას.

კულტურის მინისტრი ამ ინიციატივის ერთ-ერთ მიზეზად ასახელებს მსახიობთა ახალი თაობების ხელშეწყობას, რომ მათთვის მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდეს.

“როდესაც ერთი მსახიობი იკავებს სამ ადგილს სხვადასხვა თეატრში, ეს ნიშნავს, რომ რეალურად ორი ადგილი არის დაკავებული და ახალგაზრდა მსახიობი, რომელიც შარშან გამოვიდა უნივერსიტეტიდან, ვერ პოულობს ადგილს, სად იმუშაოს”, – აცხადებს წულუკიანი.

 

იტვირთბა....