საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, იმის თეორიული დაშვებაც კი, რომ საქართველოში ვინმე სასამართლოზე ზეწოლას გაბედავს – მიუღებელია.
“ზოგადად, სასამართლო ხელისუფლებაზე ნებისმიერი სახის ზეწოლა და მისი საქმიანობისთვის ხელის შეშლა არის დანაშაული და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, თუ მსგავსი ფაქტი ბუნებაში შეიძლება არსებობდეს და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანს და მოსამართლეს შეუძლია, მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს – დარწმუნებული ვარ, სიმართლეს აუცილებლად იპოვიან. მე არა მგონია, რომ საქართველოში ვინმე ბედავდეს და სასამართლოზე ზეწოლას ახორციელებდეს. თეორიული დაშვებაც კი იმისა, რომ მოსამართლეზე ვინმემ შეიძლება რაიმე სახის ზეწოლა განახორციელოს, ბუნებრივია, მიუღებელია და თუკი რომელიმე მოსამართლის ან ნებისმიერი სხვა ადამიანის მიმართ მუქარა ხორციელდება, ან მის საქმიანობაში ვინმე უკანონოდ ერევა, ბუნებრივია, ამის შესახებ მათ შესაბამის ორგანოებს უნდა მიმართონ. ამ შემთხვევაში იუსტიციის სამინისტრო, ბუნებრივია, გამოძიებას ვერ დაიწყებს, თუმცა, რა თქმა უნდა, პოზიცია არის ის, რომ ნებისმიერი სახის ჩარევა მოსამართლის საქმიანობაში მიუღებელია”, – აცხადებს ბრეგაძე.