ტელეკომპანია “მაესტროს” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბაჩო კიკაბიძე, გია გაჩეჩილაძესთან დადებულ შეთანხმების დეტალებს იხსენებს და საკმაოდ საინტერესო ისტორიას ახმოვანებს იმის შესახებ, თუ როგორ დაიკარგა საბუთები. განცხადება კიკაბიძემ გადაცემა “არჩევანში” გააკეთა, როგორ ირკვევა გაჩეჩილაძესთან შეთანხმების საბუთები საჯარო რეესტრში გაქრა და ამის შესახებ მოგვიანებით იუსტიციის მინიტრი, თეა წულუკიანიც იყო ინფორმირებული
„გაჩეჩილაძეს 50%-იანი წილზე, მაშინვე დავუწესეთ შეზღუდვა, რომ მის გასხვისებას დამფუძნებლების გარეშე ვერ შეძლებდა. ერთ მშვენიერ დღეს, სამეწარმეო საჯარო რეესტრიდან გაქრა ეს ამონაწერი და ეს შეზღუდვაც გაქრა, წინარე ხელშეკრულებაც გაქრა და საერთოდ, გასუფთავდა გია გაჩეჩილაძის წილი. როდესაც მე წულუკიანს მივმართე და მოვთხოვე, რომ ასეთი ხარვეზი მოხდა და რაშია საქმე მეთქი, მოხდა ჩემი დაბარება, შეხვედრა და თქვეს, რომ ვიღაც გოგონას შეეშალა და საყვედური გამოვუცხადეთო,“ – განაცხადა კიკაბიძემ.
რა ტიპის დოკუმენტაცია გაქრა საჯარო რეესტრიდან და რა დაპირებები მიიღო იუსტიციის სამინიტროდან კომპანიის ხელმძღვანელობამ. “მეტრონომი” ტელეკომპანიის მაშინდელ ადვოკატს, დიმიტრი გაბუნიას ესაუბრა.
“მე შემიძლია გითხრათ ერთი რამ, პირადად წარმოვადგენდი მაკა ასათიანს და ტელეკომპანია მაესტროს. წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება პირადად ჩემი შედგენილია. აქედან გამომდინარე, ეს იყო აბსოლუტურად ნორმალური სამართლებრივ ჭრილში გათვალისწინებული ხელშეკრულება და ჩემთვის დღემდე გაუგებარია თუ რა პრეტენზიები აქვს გია გაჩეჩილაძეს წილთან დაკავშირებით. როცა ის პრაქტიკულად არ არის ამ წილის მფლობელი. მან გაასხვისა ეს წილი 2011 წლის 26 ნოემბერს. შედგა პარტნიორთა კრება, თვითონვე მოაწერა ხელი ამ ხელშეკრულებას. უბრალოდ, წინარე ხელშეკრულება გაფორმდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ეროსი კიწმარიშვილის კომპანიას ჰქონდა სამართავად გადაცემული “მაესტრო”. მაშინ უკვე დავა მიმდინარეობდა ეროსი კიწმარიშვილსა და ტელეკომპანია “მაესტროს” დამფუძნებლებს შორის და შესაბამისად, სწორედ ამიტომ ვერ დარეგისტრირდა თავის დროზე ეს ხელშეკრულება, თუმცა დათქმა გაკეთდა, რომ როგორც კი ეს ხელშეკრულება შეწყდებოდა, ხელშეკრულება უნდა გატარებულიყო საჯარო რეესტრში. შემდეგ ვითარება შეიცვალა. ხელშეკრულება ვადამდე შეიცვალა. ვიცით როგორ განვითარდა მოვლენები. კიწმარიშვილი “მაესტროში” შეიჭრა. ჩვენ სასამართლოში მოვიგეთ ყველა დავა, ანუ შევწყვიტეთ ეს ხელშეკრულება და ვინაიდან წილები დაყადაღდა, ამის შემდეგ, 2011 წლის 5 დეკემბერს, სანამ ყადაღა არ მოიხსნებოდა, ბუნებრივია, წილის ტრანზაქცია ვერ მოხდებოდა. ეს ყადაღა მოიხსნა 2015 წლის ოქტომბერში, ამის შემდეგ გაკეთდა შეთავაზება და ამ წილის გადმოფორმება ვერ მოხერხდა “მაესტროს” სხვა პარტნიორებზე. დღეს არსებული სიტუაციით, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი აბსოლუტურად გაუგებარია რას დაობს გია გაჩეჩილაძე და რომელ წილებზეა საუბარი. წილი მას უკვე დიდი ხნის წინ აქვს გასხვისებული.
- ანუ გაჩეჩილაძეს არ ჰქონდა 25%-იანი წილი ტელეკომპანიაში?
“გია გაჩეჩილაძეს ეს წილი არ ჰქონდა, რადგან მან გაასხვისა. საჯარო რეესტრში ჩემს მიერ ნათქვამი გარემოებების გამო ვერ მოხერხდა ამ წილის გადაფორმება. მან ნება ცალსახად გამოხატა, თავის პირადი ხელმოწერით. გაჩეჩილაძემ გაასხვისა ეს წილი “მაესტროს” სხვა პარტნიორებზე. ამის შესაბამისი დოკუმენტაცია არსებობს. იმაზე აპელირება, რომ საჯარო რეესტრში ვერ მოხერხდა ამ წილის გატარება და გაჩეჩილაძე ახლა აცხადებს წილზე პრეტენზიას, ეს აბსოლუტურად მიუღებელია. დღეს, გია გაჩეჩილაძე შეიძლება იყოს 30%-იანი წილის მფლობელი და არა 55%. სასამართლო ამას ძალიან მარტივად გადაწყვეტავს. გია გაჩეჩილაძემ გამოხატა ნება და თავისი 25 % წილი გაასხვისა”.
გაბუნიას თქმით, საჯარო რეესტრში “დაკარგულ” დოკუმენტებთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრთან თეა წულუკიანთან შეხვედრა შედგა.
“ეს შეხვედრა 2012 წლის ნოემბერში შედგა და ბუნებრივია ჩვენ შეგვპირდნენ კანონის შესაბამისად მოხდებოდა რეაგირება. ამ დოკუმენტაციის მოძიება და სათანადო წესით დარეგისტრირება. სწორედ მაშინ აღდგა ეს შეზღუდვა. გია გაჩეჩილაძის წილს დაედო შეზღუდვა სწორედ იმ გარემოებების გამო, რომ შემდგომაში მეორედ და მესამედ არ გაესხვისებინა. მეტიც, თავის წილი გია გაჩეჩილაძემ სამართავად გადასცა ბაჩო კიკაბიძეს. ამავე კრების ოქმით, რაც გულისხმობდა იმას, რომ ნებისმირ დროს კიკაბიძეს ჰქონდა უფლება ამ წილის განკარგვის, დაგირავებისა და გასხვისების. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ყადაღა რომ არ ყოფილიყო, გაჩეჩილაძე მოუწერდა კიკაბიძეს ასეთ დოკუმენტზე ხელს? ყველა სამართლებრივი გარემოება ადასტურებს, რომ გაჩეჩილაძემ ცალსახად გამოხატა ნება, რომ მისი წილი 25%-იანი მისი არ არის. სხვაგვარად, ის არც სამართავად და არც განკარგვისთვის არ გადასცემდა ბაჩო კიკაბიძე ამ წილს.
რაც შეეხება წულუკიანთან შეხვედრას, შეხვედრაზე წულუკიანმა თქვა, რომ გავერკვევით საკითხშიო. ის დეტალურად არ იყო ამ საქმეში ჩახედული და ვერც იქნებოდა, რადგან ახალი დანიშნული გახლდათ. მისგან დაპირება მივიღეთ, რომ შემდეგი პროცესები კანონის შესაბამისად განვითარდებოდა. დანარჩენი, არ ვიცი როგორ განვითარდა მოვლენები, ვის გამოუცხადეს საყვედური. ამის იქით ჩემი ინფორმაციით, სამართლებრივი ნაბიჯები არ გადადგმულა”. – აცხადებს გაბუნია.
როგორ მოხდა, რომ საჯარო რეესტრიდან გაქრა ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი და რატომ შემოიფარგლა სამინისტრო მხოლოდ რიგითი თანამშრომლისთვის საყვედურის გამოცხადებით.
პარტია “თავისუფალი დემოკტარების” ერთ-ერთი ლიდერი შალვა შავგულიძე მიიჩნევს, რომ რეესტრიდან საბუთის დაკარგვა სერიოზული საკითხია. იურისტი პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბრობს.
“დოკუმენტები, რომლებიც არის მნიშვნელოვანი და ეხება ტელეკომპანიას და ისე კერძო პირსაც რომ ეხებოდეს მაინც, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რეესტრი იმისთვის არის, რომ იქ დაფიქსირებული იქნეს ინფორმაცია, რომელიც პირს ნებისმიერ სუბიექტს დაეხმარება რაღაც მდგომარეობის დასადასტურებლად, ან უარსაყოფად. ეს არის რეესტრის დანიშნულება და თუ რეესტრიდან ასეთი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტაცია იკარგება და ქრება, ეს არის ყოვლად მიუღებელი და თითოეულ ასეთ ფაქტს სჭირდება გამოკვლევა და შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს ამ ფაქტს. რა დონემდე მივა პასუხისმგებლობის საკითხი ამას თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში მოკვლევამ უნდა გვაჩვენოს. მაგრამ ზოგადად თავად ფაქტი, რომ იკარგება სუბიექტის სამართლებრივი მდოგომარეობის დოკუმენტები იკარგება რეესტრიდან სრულიად გაუმართლებელია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში იმ ქალბატონის მკაცრად დასჯა მოვითხოვო , ამასთანავე მე არ მგონია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტები იქ მომუშავე ვინმე ახალგაზრდა ქალის ბრალით იკარგებოდეს. ამ ფაქტს ცოტა მეტი გამოკვლევა სჭირდება”.
ბოლო დროს, იუსტიციის სამინიტრო და თავად მინისტრი თეა წულუკიანი ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი. განუხორციელებელი სასამართლო სისტემა წულუკიანის ყველაზე მნიშვნელოვანი ბრალდებაა. იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ითვლებოდა, რომ “ნაციონალური” ხელისუფლების ყველა ქმედებას “სამართლებრივ ჩარჩოში” სვამდა. შავგულიძე მიიჩნევს, რომ წულიანის ქმედებების უკან “წინა გამოცდილების” აშკარა ნიშნები ჩანს.
“იუსტიციის სამინიტრომ ძალიან კარგად დაიწყო თავისი საქმიანობა, თუმცა შემდეგ სამინისტრო აბსოლუტურად მოექცა მმართველი პოლიტიკური ძალის გავლენის ქვეშ და უკვე დაიწყო ინიცირება ისეთი კანონპროექტებისა, რომლებიც ეწინააღმდეგება დეკლარირებულ კურსს”. – აცხადებს შავგულიძე.
რა თქმა უნდა, რომ ასევე საკმაოდ ბევრი კითხვები გროვდება პირადად თეა წულუკიანის მიმართ. არის თუ არა ის გარკვეულწილად, ნებსით თუ უნებლიედ, ჩართული იმ პოლიტიკურ პროცესებში, რაც ბოლო დროს ტელეკომპანია „მაესტროს“ წინააღმდეგ ხორციელდება? მედია-ექსპერტები უკვე საუბრობენ იმაზე, რომ მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების ინტერესი ტელეკომპანია „მაესტროს“ მიმართ აშკარად იკვეთება, განსაკუთრებით არჩევნების წინ. არადა, სავსებით შესაძლებელია არსებობდეს გონივრული ეჭვი, რომ დაკარგული დოკუმენტაციაც, რაღაც დოზით, შესაძლოა იყოს საწყისი რგოლი იმ პოლიტიკური თამაშებისა, რასაც წინასაარჩევნო ბატალიები ჰქვია.