აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის შეფასებით, რუსეთის ზეწოლის პირობებში საქართველომ შესაძლოა, დასავლური ორიენტაცია შეიცვალოს. დაზვერვის ოფისის დირექტორმა ჯეიმს კლაპერმა გუშინ, კონგრესს ყოველწლიური ანგარიში წარუდგინა მსოფლიოში საფრთხეების შეფასების შესახებ.
“მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რეფორმების თვალსაზრისით წინ მიიწევს, ქვეყანაში პოლიტიკური კონკურენციის ზრდის პარალელურად პოლიტიკური არასტაბილურობა იზრდება. ეკონომიკური გამოწვევები სავარაუდოა, რომ ხელისუფლებას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მოწყვლადს გახდის. დასავლეთისკენ სვლის ნელი ტემპის გამო, საზოგადოების მზარდი იმედგაცრუება და რუსული პროპაგანდის ეფექტურად გაძლიერება აჩენს პერსპექტივას, რომ თბილისი შეანელებს, ან შეაჩერებს ძალისხმევას ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. დაძაბულობა რუსეთთან კვლავ ძლიერია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოსკოვი უფრო მეტად გააძლიერებს ზეწოლას თბილისზე, რათა უარი თქვას ევროკავშირსა და NATO-სთან დაახლოებაზე”, – თქვა კლაპერმა.
აშშ-ს დაზვერვის განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი გამოეხმაურა.
„ეს განცხადება, რომელიც გუშინ გაკეთდა აღქმული უნდა იქნას იმ კონტექსტში, რომ ეს არის გაფრთხილება და საჭიროა ყურადღების მიქცევა ყველა ინსტიტუტის მიმართ, რომ მოხდეს მინიმიზაცია იმ საქმეებისა, რომელიც რუსეთის მხრიდან მოდის. ამიტომ ვფიქრობს, რომ ჩვენ ამას გაგებით უნდა მოვეკიდოთ. ჩვენი პარტნიორები ყველანაირად ცდილობენ მხარში დაგვიდგნენ და სწორედ ამ მხარდაჭერის გამოხატულება იყო მეორე ინფორმაცია, რომელიც ჩვენ დღეს მივიღეთ. აშშ-ს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა 2017 წლის ფისკალური ბიუჯეტის გაზრდას, ეს გულისხმობს ევროპელი პარტნიორებისთვისა და საქართველოსთვის სერიოზულ დახმარებას“. – განაცხადა ზალკანიანმა.