ეკა მიშველაძე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა. მან ამის შესახებ წერილი საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორისგან, გიორგი ბარათაშვილისგან, მიიღო, რომელშიც ნათქვამია, რომ ეკა მიშველაძის გადაცემა “პირველი სტუდია“ დაიხურა, ხოლო მის მიერ წარმოდგენილმა ახალი გადაცემის პროექტმა არხის ხელმძღვანელობის მოწონება ვერ დაიმსახურა.
ბარათაშვილის განმარტებით, თემატიკა, რომელსაც აღნიშნული პროექტი ეხებოდა, საკმაოდ ვრცლად არის წარმოდგენილი სატელევიზიო ბადეში არსებულ სხვადასხვა გადაცემაში.
ეკა მიშველაძემ აღნიშნული წერილი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
მისი გადაცემა “პირველი სტუდია” გასულ წელს შეაჩერეს და გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ მიშველაძე “პოლიტიკური ლიდერის მეუღლეა და უხერხულია, წაიყვანოს პოლიტიკური გადაცემა.”
მიშველაძის ქმარი ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრი და „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილია.
ჟურნალისტი ამბობდა, რომ გადაცემის დახურვის შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლისგან შემოთავაზება ახალი გადაცემის გაკეთებაზე ჰქონდა, რომელშიც პოლიტიკოსები მონაწილეობას არ მიიღებდნენ. ის ეთერში იანვრიდან უნდა გასულიყო, თუმცა, ჟურნალისტის მხრიდან ლოდინის მიუხედავად, არ გავიდა, რის შემდეგაც მიშველაძემ ამის შესახებ საჯაროდ ისაუბრა. გუშინ მან „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთ თოქშოუში განაცხადა, რომ ფორმალურად ის საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობდა და ხელფასსაც იღებდა. მას ტელეკომპანიასთან უვადო კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული.
როგორც მიშველაძემ ცოტა ხნის წინ განაცხადა, ის ამ საკითხს ასე არ დატოვებს და დავას სასამართლოში გააგრძელებს.