ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გომელაური: გოგაშვილი იტყუება, ივანიშვილს საერთოდ არ იცნობდა, როგორ მიიღებდა მისგან დავალებებს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის განცხადებას ეხმაურება იმის თაობაზე, რომ უშუალოდ ბიძინა ივანიშვილისგან იღებდა დავალებებს. გომელაურის თქმით, ივანიშვილი გოგაშვილს არ იცნობდა და კრებსების გადაცემის შესახებ განცხადებები ტყუილია. გოგაშვილის თქმით, სუს-ი, შსს და სხვა უწყებები მოსმენებს მხოლოდ კანონით მინიჭებული განჩინების საფუძველზე ახორციელებენ.

“საერთოდ ადამიანს არ იცნობდა, როგორ უნდა დაევალებინა სოსო გოგაშვილისთვის, ან როგორ უნდა გაეგზავნა მისთვის, როცა მე ვიყავი იქ. მაშინ მე გავაგზავნიდი. ეს განცხადება, რა თქმა უნდა, არის ტყუილი, სიცრუეა. მას ვერანაირად ვერ დაავალებდა, არ იცნობდა მას. როგორ წარმოგიდგენიათ, მე ვიყავი იქ ხელმძღვანელი, როგორ დაავალებდა ადამიანს, რომელსაც არ იცნობდა, ან რატომ დაავალებდა, ან რა უნდა დაევალებინა ჯერ ეგ ერთი? თვითონ რასაც ეს იძახის, რომ მე მიმქონდა ბატონ ბიძინასთან [კრებსებს], ვუგზავნიდით ბატონ ბიძინასო, პრემიერსო, როგორც თქვა და კობახიძესო. არ ვიცი, მართლა გეუბნებით, უკანონო მოსმენები გამორიცხეთ საერთოდ, ეგ თემა – არ ხორციელდება. მტკიცებულებები თუ აქვს, გამოიტანოს და დადოს. მე რომ ვიჯდე შსს-ში და რაც ოპერატიული მასალა შემოდის ვიკითხო, მინიმუმ სამი გომელაური უნდა იჯდეს იქ, რომ წაიკითხოს. რაში მაინტერესებს? მთავარი მასალა რაც არის, ტერორიზმი, კომპიუტერული საქმიანობა იყო, მუშავდება თემა და თუ არის ძალიან მნიშვნელოვანი, შემდეგ ამოდის ხელმძღვანელთან. თუ რამეა, მე პრემიერ მოვახსენებ, ის კი არა, რომ გავუგზავნო. როგორც ჩემთან ამოდიან, მეც ავდივარ, ფურცლებს კი არ ვუგზავნი, აბა წაიკითხე-მეთქი”, – აცხადებს გომელაური.

გომელაური ასევე უარყოფს გოგაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ 2016 წელს ივანიშვილის დავალებით ვლადიკავკაზში, “ეფესბეს” საიდუმლო ბაზაზე იმყოფებოდა, სადაც მისივე თქმით, “ეფ ეს ბეს“ გე­ნე­რა­ლ სე­დო­ვთან ერთად და­ი­გეგ­მა მათი უფ­რო­სე­ბის (ბორტნი­კო­ვის და გო­მე­ლა­უ­რის) შეხვედრა და შემდეგ, მინ­სკში, ისინი კიდევ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს.

“ვლადიკავკაზში არ ვყოფილვარ, მაგრამ მინსკში ბევრჯერ ვარ ნამყოფი ოფიციალური შეხვედრებით. [რუსულ სპეცსამსახურებთან] არავითარი კომუნიკაცია არ გვქონია. იყო ბელარუსში 100 წლის თავი, როდესაც იქ ჩამოსულები იყვნენ ამერიკელებიც, ბრიტანელებიც, ფრანგებით, რუსებიც, გერმანელებიც, მასაში შეიძლება ყველა იყო, მაგრამ შეხვედრა პირისპირ, არასდროს არ ყოფილა, ასეთი ვიდეო ვერ დაიდება ვერასოდეს”, – აცხადებს გომელაური.

 

იტვირთბა....