ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სწავლების ხარისხი და ბავშვთა უფლებების დაცვა სკოლებში რჩება ძალიან სერიოზულ გამოწვევებად – არღანაშვილი

დღეს საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. “მეტრონომა” არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელს, ანა არღანაშვილს ჰკითხა – რა ხარვეზებით და გამოწვევებით ხვდება განათლების სისტემა მოსწავლეებს.

როგორც ანა არღანაშვილი აღნიშნავს, სწავლის ხარისხი და ბავშვთა დაცვა ძალადობისგან – ეს ის ორი უმთავრესი პრობლემაა, რომელიც დღემდე მწვავედ დგას სასკოლო დაწესებულებებში.

“ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვის უფლება განათლებაზე გულისხმობს როგორც ხელმისაწვდომ განათლებას, ასევე ხარისხიან განათლებას. ამ კუთხით, ვიცით, რომ სწავლების ხარისხი სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ არის მაღალი – ბავშვები საერთაშორისო გამოკვლევეში ვერ აჩვენებენ წიგნიერების იმ დონეს, რაც სხვა ქვეყნის ბავშვებს აქვთ და ეს სერიოზული საკითხია. მეორე ძალიან სერიოზულ გამოწვევად რჩება სკოლებში ბავშვთა დაცვა ძალადობისგან. სახალხო დამცველის ანგარიში მიგვანიშნებს, რომ სახელმწიფოს ქმედებები ამ მხრივ ფრაგმენტულია. გვყავს მანდატურის სამსახური, მაგრამ არ ხდება საქმეების დროულად გადამისამართება, შეტყობინებების გაკეთება. სკოლის პერსონალს შორის ცნობიერება რჩება დაბალი იმის შესახებ, თუ რა არის ძალადობა და ამასთან დაკავშირებულია ისიც, რომ ბავშვების მიმართ დისციპლინა ჯერ კიდევ არის ძალადობრივი და არა პოზიტიური დისციპლინა, რომელიც ბავშვის წახალისებაზე, მის პატივისცემაზე იქნებოდა დაფუძნებული”, – აცხადებს ანა არღანაშვილი.

მისი თქმით, განათლების სისტემის მზაობის მხრივ, წინა წლებთან შედარებით არსებობს გარკვეული პროგრესიც, რაც გამოიხატება წიგნების გაუმჯობესებაში, მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებასა და სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში.

“განათლების სისტემის მზაობას რაც შეეხება, უნდა ითქვას, რომ ვხედავთ გარკვეულ პროგრესს წინა წლებთან შედარებით. მაგალითად, მიმდინარეობს წიგნების რეცენზირების პროცესი, მასწავლებლებიც იმაღლებენ კვალიფიკაციას, მაგრამ ეს პროგრესი არ არის საკმარისად სწრაფი. ბავშვები მალე იზრდებიან, ამთავრებენ სკოლას და რეფორმებმა არ უნდა დააგვიანოს”, – ამბობს ანა არღანაშვილი.

 

 

იტვირთბა....