“ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი ლუჩიანო სპალეტი “რეინჯერსთან” მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ მან დაცვით ფაზაში უნდა ითამაშოს და მეტი პასები გააკეთოს.
სპალეტის თქმით, კვარაცხელია ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, თუმცა თამაშში ყველა მნიშვნელოვანია.
„თქვენ ამბობთ მასზე, რომ ძლიერია, ძლიერია, ძლიერია, მაგრამ შემდეგ, როცა მეკარესთან ორ მეტრში რჩება, კარში ურტყამს, როდესაც იქვე თავისუფალი თანაგუნდელი ჰყავს. რატომ? იმიტომ, რომ თქვენ ეუბნებით, რომ ძლიერი ხარ, გოლი უნდა გაიტანო, მაგრამ ასე არ არის, ასე არ არის. არჩევანი უნდა გააკეთოს მსგავს მომენტებში, თუ თანაგუნდელი უკეთეს პოზიციაშია, პასი უნდა მისცეს. ნდომბელეს გოლი ვინ გაიტანა? ანგისამ გაიტანა, სწორედ მისი დამსახურებაა ნდომბელეს გოლი. რა თქმა უნდა, კვარას დღესაც ჰქონდა 2-3 აღმაფრენა და ჯარიმით რომ არ გაეჩერებინათ, კარამდე მივიდოდა, ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, მაგრამ სწორი გამოსავალი უნდა მოძებნოს და დაცვით ფაზაშიც ითამაშოს.
ყველა მოთამაშე განსაკუთრებულია, იმისთვის, რომ ძლიერი გუნდი გავხდეთ. მხოლოდ ერთი ფეხბურთელი თამაშს არ იგებს, თქვენთვის იგებს ერთი მოთამაშე, ჩვენთვის არა.
თუ კიმი და რაჰმანი ვერ მოიგებენ დუელებს, მეორე სართულზე ბურთებს, თუ ლობოტკა და ანგისა ვერ გაათამაშებენ ნახევარდაცვაში, კვარაცხელია ბურთს თამაშში ორჯერ შეეხება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია სხვების მუშაობაც. რა თქმა უნდა, ვისაც აქვს გამორჩეული ხარისხი, ტექნიკა, ატყუებს მეტოქეს და თამაშში შეაქვს ჯანსაღი სიგიჟე, ქმნის განსხვავებას, მაგრამ ყველა მნიშვნელოვანია და ერთი ფეხბურთელი თამაშს ვერ მოიგებს”, – აცხადებს სპალეტი.
ცნობისთვის, გუშინდელი “ნაპოლი-რეინჯერსის” მატჩი ანგარიშით 3:0 ნეაპოლელების გამარჯვებით დასრულდა.