საქართველო ჩვენი ერთ-ერთი უმჭიდროესი პარტნიორი ქვეყანაა, ევროკავშირის მიერ საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების შემდეგ ასეთი მაღალი დონის შეხვედრა პირველად იმართება, რაც ადასტურებს იმას, რომ ევროკავშირს აქვს ნაკისრი ვალდებულება, კიდევ უფრო გააძლიეროს ჩვენი ურთიერთობები და საქართველოს ამბიციები გაამართლოს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჯოზეფ ბორელის თქმით, მნიშვნელოვანია, შესუსტდეს პოლარიზაცია პოლიტიკურ სპექტრში და აქცენტი გაკეთდეს ყველას საერთო ძალისხმევაზე, რათა გაცხადებული მიზანი შესრულდეს, ეს კი არა მარტო მთავრობამ უნდა შეასრულოს, არამედ მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა და საზოგადოებამ. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საქართველო მარტო არ არის, ევროკავშირი და ყველა ევროპული ინსტიტუტი მზად არის დასახმარებლად.
„მე ძალიან მიხარია, რომ ვმასპინძლობ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოდან აი ამ ასოცირების საბჭოს სხდომაზე. საქართველო არის ჩვენი ერთ-ერთი უმჭიდროესი პარტნიორი და თანამშრომელი ქვეყანა. ეს განსაკუთრებული შეხვედრაა იმიტომ, რომ ევროკავშირის ლიდერების მიერ საქართველოს ევროკავშირის პერსპექტივის აღიარების შემდეგ ასეთი მაღალი დონის შეხვედრა პირველად იმართება და ნამდვილად ადასტურებს იმას, რომ ევროკავშირს აქვს ნაკისრი ვალდებულება, კიდევ უფრო გააძლიეროს ჩვენი ურთიერთობები და საქართველოს ამბიციები გაამართლოს, თუმცა ეს ამბიციები, როგორც ყოველთვის მომდინარეობს და მოდის თავისი პასუხისმგებლობებით და ეს პასუხისმგებლობა არის უპირველეს ყოვლისა რეფორმების გაგრძელება, განსაკუთრებით იმ 12 პრიორიტეტის მიმართ, რომელიც გამოვლენილი იქნა ევროკომისიის მიერ. მეორე პასუხისმგებლობა მომდინარეობს იქიდან, რომ შესუსტდეს პოლარიზაცია მთელ ამ პოლიტიკურ სპექტრში და აქცენტი გაკეთდეს ყველას საერთო ძალისხმევაზე, რათა გაცხადებული მიზანი შესრულდეს. ეს არა მარტო მთავრობამ უნდა შეასრულოს, არამედ მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა და მთელმა საზოგადოებამ. ნება მიბოძეთ შეგახსენოთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი. არ არსებობს არანაირი მოკლე გზა, არანაირი გადახვევა, არსებობს პოლიტიკური ნება, პოლიტიკური დეკლარაცია, რომელიც შედეგებში გადაიზრდება და მხოლოდ ხილვადი, ხელმისაწვდომი და ხელშესახები შედეგები განაპირობებს ამ გზაზე წინსვლას. პერსპექტივა ძალიან ნათელია, როდესაც საუბარი არის ისეთ საკითხებზე როგორიც არის პოლიტიკური კულტურა, ინკლუზიურობა, დემოკრატიის პრინციპები, სამართლის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, მედიის თავისუფლების პრინციპები. ეს ყველაფერი ჩვენი საფუძელმდებლო პრინციპებია. საქართველომ გადაწყვიტა ევროპულ გზას შეუდგეს და ეს პასუხისმგებლობა იკისროს და ახლა აქტუალურია, რომ ეს დანაპირები შესრულდეს. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი უნდა იყოს მთელი ერის კონსესუსის საფუძველზე განხორციელებული და ყველამ ერთად უნდა იმუშაოს. არამარტო მთავრობამ, არამედ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ. სწორედ ამიტომ, ჩვენ ამ პროცესს ვუწოდებთ ინკლუზიურ პროცესს, იმიტომ რომ მასში უნდა აისახოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილი, ევროკავშირს დაუკავშიროს თავისი მომავალი. ხაზი მინდა გავუსვა სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას, მინდა გავუსვა ხაზი იმას, რომ ამ გზაზე ყველა მონაწილე, ყველა მოთამაშე ასრულებს თავის როლს, თუმცაღა მთავარი პასუხისმგებლობა გამოკვეთილია. არ არის მარტივი, განსაკუთრებით არ არის მარტივი არსებული პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით მაგრამ თქვენ მარტონი არ ხართ, ევროკავშირი და ყველა ევროპული ინსტიტუტი თქვენთან არის, თქვენ დასახმარებლად არის მზად”,- განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.