„საქართველოს მიერ ირანისთვის დაწესებული სავიზო რეჟიმი 15 თებერვლიდან გაუქმდება“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ირანის ელჩის მოადგილე მოჰსენ ქებრიაიმ განუცხადა.
მისი თქმით, უვიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოსა და ირანს შორის სავაჭრო ბრუნვაზე აისახა, თუმცა ის იმასაც ამბობს, რომ ამის გამოსწორება შესაძლებელია.
“ზოგადად, ეკონომიკური ურთიერთობა ვითარდება მაშინ, როდესაც ხალხთაშორის არის თავისუფალი მიმოსვლა, როდესაც ინვესტორი თავისუფლად შემოდის და თავის სასურველ სფეროში აბანდებს კაპიტალს, იწყებს ეკონომიკურ საქმიანობას. უვიზო რეჟიმის გაუქმებამ ასახვა ჰპოვა საქართველოსა და ირანს შორის სავაჭრო ბრუნვაზე. თუ 2012-13 წლებში სავაჭრო ბრუნვა 200 მილიონი დოლარის ფარგლებში იყო, დღეს 130 მილიონამდეც არაა. თუმცა, ამის გამოსწორება შეიძლება, იმიტომ რომ საქართველოს და ირანს აქვთ პოტენციალი სავაჭრო ბრუნვა გაზარდონ”, – განაცხადა მოჰსენ ქებრიაიმ.