„მე მაესტროში თანხა არ ჩამიდია, უბრალოდ, მეგობარს ვასესხე“ – ასეთი განცხადება გააკეთა ირაკლი რუხაძემ, რომელიც ტელეკომპანიის ყოფილმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ „იმედის“ არაფორმალურ მმართველად და ასევე მაესტროს 30%-ის რეალურ მყიდველად დაასახელა.
„პროცენტით დამიბრუნებს და ჩემთვის აზრი ჰქონდა, ის პროცენტები რომელიც მან იყიდა, ის წილი, რომელიც მან იყიდა საკმარისია, რომ გადაფაროს ის თანხა, რომელიც მე ვასესხე. მე ეჭვი არ მეპარება, რომ დააბრუნებს, ამიტომ მაწყობდა“- აღნიშნა ირაკლი რუხაძემ.
დღეს “მაესტროს” ერთ-ერთი პარტნიორი ბაჩო კიკაბიძე ირაკლი რუხაძის ამ განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, 50 მილიონი 50 ლარი არ არის, რომ ასე ადვილად გაასესხონ.
“50 მილიონის გასესხება ასე ადვილი არ არის. დარწმუნებული უნდა იყო, რომ ამ თანხას უკან ამოიღებ, ეს ხომ 50 ლარი არ არის, თუმცა ვინ ვის ასესხა და როგორ, ეს დეტალებია. ამაზე აპელირება სპეციალურად ხდება, რომ ყურადღება სხვა რამეზე გადანაწილდეს, მაგრამ მთავარია, ჩვენ არ ავცდეთ გზას, რომ არსებობს “მაესტროს” ხელში ჩაგდების და მიტაცების სურვილი”, – განაცხადა ბაჩო კიკაბიძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი რუხაძემ ფული მისცა გია გაჩეჩილაძეს, რომელიც შედეგად ტელეკომპანია „მაესტროს“ საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა. გაჩეჩილაძე ტელეკომპანიის 55%-ს ფლობს.