“დაუნახაობაა, არ შევნიშნოთ ის მდგრადი ეკონომიკური ზრდა, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკაში არსებული ძვრები მიმართულია ინფლაციის გადალახვისა და სიღარიბის დაძლევისაკენ.
“ვერ დავეთანხმები ოპოზიციის შეფასებებს და ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში ეკონომიკურ პროცესები ნეგატიურად მიმდინარეობს. დაუნახაობაა, არ შევნიშნოთ ის მდგრადი ეკონომიკური ზრდა, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს და არ გავითვალისწინოთ ის კონტექსტი, რა პირობებშიც საქართველოს უწევს ფუნქციონირება საქართველოს ეკონომიკას. გავითვალისწინოთ ის, რომ რეგიონში მიმდინარეობს ძალიან დიდი გეოპოლიტიკური ძვრები, ომი რუსეთსა და უკრაინას შორის, რომელმაც გამოიწვია მთელი მსოფლიო ეკონომიკის რეცესია.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, გლობალური ეკონომიკის განვითარება ნეგატიური ტენდენციებით ხასიათდება და ამ პირობებში, როდესაც საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება, ეს ჩემი აზრით ნამდვილად მისასალმებელია. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის სიღარიბის იმ დონის შემცირებისთვის, რაც საქართველოში არსებობს, მაგრამ ეს ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია და არავითარ შემთხვევაში უკან გადადგმული ნაბიჯი, რომელიც დაეხმარება საქართველოს ეკონომიკას და მოსახლეობას დაძლიოს ის სიღარიბე და სიდუხჭირე, რომელიც მოსახლეობის გარკვეულ ფენას ახასიათებს.
2022 წლის მეორე კვარტალში უმუშევრობა 4 % – ით შემცირდა, რაც გამოიხატა იმაში, რომ დაახლოებით 36 ათასი ადამიანი დასაქმდა და გაიზარდა თვითდასაქმებულთა რიცხოვნებაც. ნუ ვიქნებით მხოლოდ ნეგატივზე კონცენტრირებული, ის პოზიტიური ძვრები რაც არსებობს საქართველოს ეკონომიკაში, ნამდვილად მიმართულია ინფლაციის გადალახვისა და სიღარიბის დაძლევისაკენ“, – აცხადებს სეფაშვილი.