ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ლაცაბიძე მრჩეველთა საბჭოზე: 40 კი არა, 140 რომ იყოს, თუ ქალაქს წაადგება, პრობლემას ვერ ვხედავ

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე “მეტრონომთან” საუბრისას 40 მრჩევლის აყვანასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ მოსახლეობა შეცდომაშია შეყვანილი. კერძოდ, როგორც ლაცაბიძე აცხადებს, მრჩეველთა საბჭოში მყოფი მოქალაქეები ხელფასს არ იღებენ და ისინი რამდენიმე თვეში ერტხელ იკრიბებიან.

ლაცაბიძე ამბობს, რომ მსგავსი მრჩეველთა საბჭო მოქალაქეთა მიერ თვითმმართველობის განხორციელებისთვის აუცილებელია.

“სამწუხაროდ, “მთავარმა” შეცდომაში შეიყვანა მოსახლეობა. როდესაც არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციები მთლიანად ჩართულები არიან იმაში, რომ რაც შეიძლება მეტი მოქალაქე ჩავრთოთ თვითმმართველობის განხორციელების პროცესში, ეს არის კარგი მაგალითი… სწორედ იმას, რასაც თვითონ გვთხოვენ და კანონი გვავალდებულებს, როდესაც საჯარო მოხელეები ვაკეთებთ, როგორ შეუძლიათ, რომ ნეგატივში გადაიყვანონ. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში მოქალაქეთა ჩართულობის რამდენიმე ფორმა არსებობს. ერთ-ერთი ფორმა არის მერის მრჩეველთა საბჭო, რომლის აბსოლუტურად ყველა დეტალს განსაზღვრავს კანონი. ეს ადამიანები ხელფასს არ იღებენ, მინიმუმ სამ თვეში ერთხელ უნდა შეიკრიბონ და ქალაქისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა იმსჯელონ. მათი რაოდენობა განსაზღვრული არაა და თუ ჩვენ დემოკრატიასა და ქალაქის განვითარებაში, ხაზს ვუსვამ, რაც უფრო მეტი მოქალაქე იქნება ჩართული… 40 კი არა, 140 რომ იყოს, თუ ეს რეალურად ქალაქს წაადგება და იქნება ქალაქისთვის მნიშვნელოვანი, მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ.

ხელფასს არ იღებენ, 30, 40 თუ 50 ადამიანი, რომელთაც გარკვეული გამოცდილება აქვთ და ესეთივე საბჭო იქნება უახლოეს დღეებში ახალგაზრდებით დაკომპლექტებული, რომელიც ასევე შეიკრიბება, ქალაქისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში იღებს მონაწილეობას, არადემოკრატიულია? ხელფასს არ იღებენ, კანონითაა დადგენილი, ვალდებულება გვაქვს, რომ მერებმა ეს გავაკეთოთ და დიახ, რაღაცა პერიოდის განმავლობაში ჩვენს საქმეს ვახორციელებდით და მათაც საშუალება ქონდათ ენახათ უნდათ ჩაერთონ თუ არ უნდათ ჩაერთონ. ამიტომ, დროც ზუსტად არის შერჩეული და ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის განვითარებისთვის. ხელფასს არ იღებენ და არსად ინიშნებიან, მრჩეველთა საბჭოს წევრები არიან უბრალოდ და ბიუჯეტიდან ერთ ლარსაც არ იღებენ”, – აცხადებს ლაცაბიძე.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავის მერმა 40 ახალი მრჩეველი აიყვანა.

იტვირთბა....