მიმდინარე წელს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე ჯამში სამჯერ 80 180 000 დლარი გაყიდა, ოთხჯერ კი 80 მლნ დოლარი იყიდა. ბოლო აუქციონი სებ-ს 31 აგვისტოს ჰქონდა, როცა ბანკმა გასაყიდად 40 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, თუმცა 32 305 000 დოლარი გაყიდა.
პირველი აგვისტოდან დღემდე ლარმა დოლართან მიმართებით ყველაზე მაღალ ნიშნულს 31 აგვისტოს მიაღწია, როცა ერთი დოლარის ღირებულება 2.9045 ლარი გახდა. პირველი აგვისტოსთან შედარებით 31 აგვისტოს ლარი დოლართან მიმართებით 5.6%-ით იყო გაუფასურებული.
თიბისის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებას მოლოდინებს უკავშირებს და აცხადებს, რომ სავალუტო ინტერვენციით ეროვნულმა ბანკმა ამ მოლოდინებს უპასუხა.
“სავალუტო შემოდინებები კვლავ ძალიან ძლიერია და ერთადერთი, ლარს რაც აუფასურებს მოლოდინებია, რომ წლის ბოლოს ლარი აუცილებლად გაუფასურდება. ამას თავის ლოგიკა აქვს. ვგულისხმობ სეზონურობას, მაგრამ მოქალაქეები რომ ლარს უკვე ახურდავებენ, ეს ნიშნავს იმას, რომ წლის ბოლოს ლარის გაუფასურების მოლოდინი ყველას აქვს, რაც გაუფასურების მიმართულებით წნეხია. უკვე ივლისში სავალუტო დეპოზიტები და ლარში გაცემული სესხები გაიზარდა, რაც ლარის გაუფასურების დროს ტრადიციული ქცევაა, ამიტომ ეს ინტერვენცია სწორია, რათა ბაზარზე სენტიმენტები დაწყნარდეს. ამას გარდა, არ მაქვს მოლოდინი რომ ლარი გაუფასურდება, რადგან ბანკებში ძალიან ბევრი ვალუტა დაგროვდა. მოსახლეობის დიდი ნაწილი ლარის გაუფასურებას ელოდება. ამან ვალუტის ბანკებში დაგროვება გამოიწვია. შესაბამისად, ეს ვალუტა ბაზარს არ მიეწოდება, თუმცა ის სადღაც უნდა წავიდეს და რაღაც ფორმით ეკონომიკაში მოხვდეს, ამიტომ საერთოდ არ გამოვრიცხავ, წლის ბოლოს ლარი გამყარება ვიხილოთ”, – ამბობს ნადარაია.
თიბისის მთავარი ეკონომისტის განცხადებითვე, სენტიმენტები გარკვეულწილად შეიცვლება და ისედაც მაღალ სავალუტო შემოდინებებს, შემდგომ პერიოდში, უკვე სესხებისა და დეპოზიტების არხიდან ვალუტის მიწოდებაც დაემატება. შესაბამისად, მისი პროგნოზით, წლის ბოლოსთვის ერთი დოლარი, დაახლოებით, 2.80 ლარის დიაპაზონში იქნება.
“სებ-ის სავალუტო ინტერვენცია ბაზრის დამშვიდებას ნამდვილად შეუწყობს ხელს. ბაზრის სენტიმენტები შეიცვლება და მისი მონაწილეები ნახავენ, რომ “წლის ბოლოს გაუფასურება” აუცილებელი არ არის, რომ წელსაც მოხდეს. ეს დაგროვილი ვალუტა, რაც დღეს ბაზარზე არ ხვდება, პირიქით ლარის გამყარების მიმართულებით იმოქმედებს, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ წლის ბოლოს ეროვნულმა ბანკმა დოლარი იყიდოს კიდეც.
რაც შეეხება სავალუტო შემოდინებებს, არ უნდა ვიფიქროთ რომ ეს შემოდინებები მხოლოდ მიგრანტების გამოა, რადგან მიგრანტების გარეშეც დიდია ტურიზმის აღდგენა. შესაძლოა, აღდგენის ჯამურ მაჩვენებელში დაახლოებით მესამედი მიგრანტებზე მოდის, თუმცა მიგრანტების გარეშეც იზრდება ტურიზმი. ასევე ძლიერია გზავნილებისა და ექსპორტის მაჩვენებელი. პროგნოზი არ შეგვიცვლია. არ ვიზირებ მოსაზრებას, რომ ლარი წელს წლის ბოლოსაც გაუფასურდება. საკითხს ასე რომ შევხედოთ, თუ ყველამ ვიცით, რომ წლის ბოლოს ლარი გაუფასურდება, ეს ნიშნავს რომ აღარ გაუფასურდება, რადგან წინასწარ გადავახურდავებთ თანხას”, – აცხადებს თიბისის მთავარი ეკონომისტი.
წყარო:BM.GE