ახალი ამბები მთავარი

ჩემ სიტყვებზე პასუხს ვაგებ: ბანკომატიდან შესაძლოა ყალბი ფული შეგრჩეთ ხელში

საერთაშორისო საბანკო ექსპერტი მამუკა ხუციშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. ის ირწმუნება, რომ ბანკებიდან და ბანკომატებიდან ყალბი ფული საღდება.

მამუკა ხუციშვილი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ბანკომატიდან შესაძლოა ყალბი ფული მიიღონ და მსგავს სიტუაციაში მოქცევის წესსაც ასწავლის.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი დარწმუნებულია, რომ ყალბი ფულის ნაწილი ეროვნული ბანკის საცავში შედის და ის პარლამენტისგან საგამოძიებო ჯგუფისა და ექსპერტების ეროვნულ ბანკში შეშვებას მოითხოვს.

“რასაც გეტყვით ჩემ სიტყვებზე პასუხს ვაგებ: ბანკომატიდან ხელფასის აღებისას შესაძლოა ყალბი ფული შეგრჩეთ ხელში. მოსახლეობა მინდა გავაფრთხილო: თუ ბანკომატიდან დოლარი ან ლარი აიღეთ და მის ნამდვილობაში ეჭვი შეგეპარათ, იცოდეთ იქვე ვიდეოთვალია დამაგრებული, ამიტომ ადგილის მოუშორებლად ნომინალი კამერის სიმაღლეზე ასწიეთ, ფულის ნომერი დააფიქსირეთ და ბანკის კუპიურის გამოსაცვლელად მხოლოდ ამის შემდეგ მიმართეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში სიმართლეს ვერ დაამტკიცებთ. იმ შემთხვევაში, თუ ბანკიდან მოზრდილი თანხა გაგაქვთ, კუპიურების ნუმერაცია მოითხოვეთ და ბანკის მხარეს ხელი მოაწერინეთ, რის შედეგადაც მოსალოდნელ გაუგებრობას თავიდან აირიდებთ. მიმოქცევაშია ყალბი ლარიანი და ორლარიანი მონეტებიც, რომლებიც ასევე თბილისში მზადდება. დღეს საქართველოში რამდენიმე მილიონი ყალბი მონეტა ტრიალებს, ამის თქმის საფუძველს ის მაძლევს, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში 20 ლარამდე ყალბი მონეტა დამიგროვდა. საქმე ისაა, რომ ყალბი ფულის ზომაც და წონაც თითქმის მიახლოებულია და ჩემი ინფორმაციით სკანდალი ხდება: ყალბი ფულის ნაწილი ეროვნული ბანკის საცავში შედის, ანუ ბანკი ამ ფულს ანაღდებს. ამიტომ პარლამენტს მივმართავ, რომ საგამოძიებო ჯგუფი და ექსპერტები ეროვნულ ბანკში შეგვიშვან, სადაც ფულთან დაკავშირებით სრული “ბაკქანალიაა”, – განაცხადა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა მამუკა ხუციშვილმა „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას.

წყარო:  pia.ge

იტვირთბა....