2008 წლის აგვისტოს გმირი გოგიტა მაკრახიძე ქართლში, სოფელ შერთულში დაიბადა და გაიზარდა, იქვე შეიყვანეს დაწყებით სკოლაში, შემდეგ საშუალო სკოლა მეზობელ სოფელში – ძევერაში დაამთავრა.
“ბრძოლის ველზე გაჭრისას, ცოლშვილიანებს დასძახოდა: უკან დადექით! თავისავით საქორწინოებს კი წინ უხმობდა: საქორწინოები წინ წავედით! მოტივი მარტივი იყო – რას ეუბნებით თქვენს ცოლებს, შვილებს?
ჰყვებიან, რომ ჯავშანჟილეტი გაუხდია და ცოლშვილიანი ბიჭისთვის ჩაუცმევია… ნაღმმა მაშინ მოუღო ბოლო, როცა დაჭრილი ბიჭებისთვის ხელმეორედ იძახებდა სასწრაფოს…
აგვისტოს ომის გმირის დედა, ნანული მაკრახიძე საკუთარი შვილის ამბავს იხსენებს:
დედა: „ძალიან ჭკვიანი, დამთმობი და თბილი ბავშვი იყო… ცელქობდა, მაგრამ სერიოზული ხიფათები არასოდეს ჰქონია, ბავშვებთან, თუ თავის უფროს ძმასთან პატარა წაკინკლავების დროსაც კი, ყოველთვის დამთმობი იყო. არასოდეს ცდილობდა, თავისი გაეტანა… მეც, როცა სხვებთან ჩხუბობდნენ, რაც არ უნდა მართლები ყოფილიყვნენ, ყოველთვის ჩემს შვილებს ვამტყუნებდი…
სკოლაში ძალიან კარგად სწავლობდა, ხუთოსანი იყო, ენერგიული, მუდამ წარჩინებულთა დაფაზე იყო გამოკრული. გამორჩეულად უყვარდა ისტორია, განსაკუთრებით საქართველოს ისტორია აინტერესებდა და მერეც, სკოლა კარგა ხნის დამთავრებული ჰქონდა, 24-25 წლისამ თავიდან გადაიკითხა მთელი საქართველოს ისტორია. ამბობდა, რომ საქართველოს ისტორია ყველა ქართველს უნდა სცოდნოდა… გერმანულს სწავლობდა ძალიან კარგად, რუსულსაც კარგად ფლობდა.
სულ ოცნებობდა, რომ ექიმი გამოსულიყო. მერე იურისტობა მოიწადინა…“
მაგრამ ისე მოხდა, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ გორის ეკონომიკურ ინსტიტუტში, ფინანსებზე და საბანკო საქმეზე ჩააბარა. მაშინ გორში არც სამედიცინო ფაკულტეტი იყო, არც იურიდიული, მშობლებმა კი თბილისში ვერ გაუშვეს.
დედა: „თბილისში ვერ გავუშვით, მინდოდა, ახლოს მყოლოდა, რომ ყურადღება მიმექცია, მისი თანაკლასელი რამდენიმე ბიჭი აბარებდა ეკონომიკურ ინსტიტუტში და ვურჩიეთ, აქ ჩაებარებინა, დაგვთანხმდა…“
მეორე კურსი რომ დახურა, სავალდებულო ჯარში გაიწვიეს. ჯარის მოვლის შემდეგ, ინსტიტუტში სწავლა აღარ გაუგრძელებია.
დედა: „სწავლა ვეღარ გააგრძელა. მერე ნანობდა, ძალიან ნანობდა, რომ უმაღლესი განათლება არ ჰქონდა, იმიტომ, რომ ამან ძალიან შეუშალა ხელი. ბოლოს, როდესაც უფროსი სერჟანტის წოდება მისცეს, უფრო მაღალი უნდა მიეცათ, მაგრამ უმაღლესი განათლების უქონლობის გამო, არ მისცეს და გვითხრა კიდეც, რატომ თქვენ მაინც არ დამაძალეთ, რომ დამემთავრებინაო. გულს მაინც არ იტეხდა, ამბობდა, მაინც მივუბრუნდები და დავამთავრებო… ბოლოს, ჯარში ინგლისურს ასწავლიდნენ 8 ბიჭს, მაღალი ქულები ჰქონდა და სექტემბერში ამერიკაში აგზავნიდნენ ორთვიან სწავლებაზე და იქიდან დიდი წოდებით უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ აგვისტოში ომი დაიწყო…“
დედა: „ რეზერვში ყოფნისას, ორფოლოში რომ გადიოდა წვრთნებს, ერთ-ერთ გენერალს შეუქია, შენ ნამდვილი ჯარისკაცი ხარო. როგორც ჯარისკაცი, ძალიან დისციპლინებული იყო, შენიშვნას არავის მიაცემინებდა და ძალიან ბევრმა ოფიცერმა ურჩია ჯარში სამსახურის გაგრძელება, ნამდვილ ჯარისკაცად ხარ დაბადებულიო, გადაწყვიტა, მართლაც ჯარში გაეგრძელებინა სამსახური. რომ გვითხრა, საკონტრაქტო ჯარში უნდა შევიდეო, არ მინდოდა, ვეხვეწებოდი, რასაც ჩვენ ვჭამთ, ის ჭამე, ოღონდ ნუ შეხვალ, ომი რომ დაიწყოს, ხომ იცი, პირველ რიგში თქვენ წაგიყვანენ-მეთქი. დედა, მასე რომ ვიფიქროთ, რა მოგველის, რანაირი ცხოვრება იქნება და თუ სამშობლოს დასჭირდა, ეგ მსხვერპლიც უნდა გავიღოთ, მარტო შენ ხომ არ გიყვარს შენი შვილი, აფხაზეთში რომ ბიჭები დაიღუპნენ, იმათ დედებს თავისი შვილები არ უყვარდათო? რაღა ცუდზე ფიქრობ, 21-ე საუკუნეა, ომი აღარავის უნდა, ხელს ნუ შემიშლითო.
მოაგროვა საბუთები და ამ მოგროვილი საბუთებით 9 თვე ელოდა მიღებას. ყველას მოსწონდა, ნაკითხი, განათლებული ბიჭი ხარო. მიიღეს. 2004 წლიდან საკონტრაქტო ჯარში მსახურობდა. გორის ჯავშან-სატანკო ბატალიონში მზვერავების ოცეულში მეკავშირედ იყო. უბედნიერესი კაცი იყო პირველი ხელფასი რომ აიღო, არც ერთი კაპიკი თვითონ არ მოუხმარია, ყოველთვის ოჯახზე ფიქრობდა… ძმის ოჯახს ინახავდა… მეტყოდა ხოლმე, ფული ხელის ჭუჭყია, ნანო, ეგ რა საყვარელია, ოჯახსა და გაჭირვებულებს უნდა მოახმაროო.
ყოველთვის გაჭირვებულების დახმარებაზე ფიქრობდა. რაც წამოიზარდა, სულ იმას მეუბნებოდა: დედა, ამ ქვეყანაზე სიკეთე ვთესოთ და სიკეთით დაგვიბრუნდებაო. მის სიკეთეს როცა არ ხედავდნენ, გული სტკიოდა, მაგრამ ამბობდა, ოღონდაც კარგად იყვნენ, რას ვიზამთ, ყველას ვერ დავანახვებთ სიკეთეს, მათ ასე ესმით ცხოვრება, ვინც გამიგებს, გამიგებს, ვინც არა, ღმერთმა გაუმარჯოს, თავის გზით იაროსო. ღმერთმა აპატიოსო.
ძალიან მორწმუნე, ეკლესიური ბიჭი იყო…
საოცარი თანადგომა, ძმაკაცობა იცოდა. თანაკლასელ გოგოებსაც ისე დაუდგებოდა ხოლმე გვერდში, ოჯახის დანგრევისას თუ რაღაც სხვა გასაჭირის დროს, ისე დაარიგებდა, რომ დარდს ავიწყებდა, მერე მიყვებოდნენ ხოლმე, გოგიტამ ისე დაგვარიგა, ისეთი შვება მოგვცა, დარდი დაგვავიწყაო.
ძალიან დიდი იუმორის პატრონი იყო, სახუმარო ამბებს, არ ვიცი, სხვის მოგონილს თუ თავისას, ისე ყვებოდა, ისე მსახიობურად, რომ ყველას სიცილით ხოცავდა. საქართველოზე უყვარდა ლექსების თქმა… სულ უკვირდათ ბიჭებს, ამდენს როგორ ასწრებს გოგა, ჯარშიც ერთი შენიშვნა არ ჰქონდა მიღებული, არც სოფელს აკლდებოდა, გეგმიანი ბიჭი იყო, დროის განაწილება იცოდა…
სოფლიდან სიარული უჭირდა და უმეტესად ყაზარმაში იყო, ბოლოს ინგლისურის სწავლა რომ დაიწყეს, 3 საათის შემდეგ ათავისუფლებდნენ, თან კრედიტით მანქანაც იყიდა და სოფლიდან დადიოდა ბოლოს. უფრო ხშირად გვესაუბრებოდა, ოჯახზე ფიქრობდა, ძალიან დავაგვიანე ოჯახის შექმნაო. ძალიან პატარა ასაკში იყო შეყვარებული, 18 წლისას უყვარდა ერთი გოგონა, მაგრამ ყოველთვის ბევრს ფიქრობდა, შორს იხედებოდა და თქვა, ოჯახისთვის პატარა ვარ ჯერო. მერე რაღაც უმნიშვნელო მიზეზების გამო დაშორდნენ ერთმანეთს…“
ოჯახის შექმნაზე ფიქრი ფიქრად დარჩა. რუსი მოადგა საქართველოს.
მის მშობლიურ, ბუფერულ ზონაში მდებარე სოფელში სროლების ხმა არც მანამდე იყო უცხო. დენთის სუნი ჰაერში ტრიალებდა. სოფელში იყო, ხვდებოდა, მალე რომ განგაში ატყდებოდა და გამოსაძინებლად ადრე დაწვა. გამოძინებაც ვერ მოასწრო, 6 აგვისტოს ღამის 11 საათზე სროლები ატყდა.
დედა: „პირველი თვითონ წამოხტა და გვამშვიდებდა, ნუ გეშინიათ, მანევრებიაო. მალე დაურეკეს, განგაშია, ჩამოდიო. წასასვლელად რომ გაემზადა, ვკითხე, რა იყო, შვილო, გამოგიძახეს-მეთქი? წავედი, ნანო, სამშობლოს დასაცავად, ნუ გეშინია, ორ დღეში აქ ვიქნებიო. წავიდა ჩემი შვილი და თვალით აღარ მინახავს. მართლაც ორიოდ დღეში დაბრუნდა…
დილითვე, 7 აგვისტოს, 9 საათზე საბრძოლველად წასულან. თავიდან საქაშეთში მდგარან. მერე, როგორც მისი თანამებრძოლები მომიყვნენ, წინ-წინ იწევდნენ და ბოლოს ზემო ნიქოზში იდგნენ. თავის ძმასაც არ უმხელდა, სად იყო, სულ ამშვიდებდა, საქაშეთში ვდგავართ, აქ არანაირი საფრთხე არ არის, მანქანა ხომ მანდაა, ბავშვები გაარიდე მანდაურობას, თბილისში წადითო. მე კარგად ვარ, თქვენს თავებზე იფიქრეთო.
როგორც ბიჭებმა მითხრეს, გოგას ბრძოლის ველზე ყოფნა არ ევალებოდა, შტაბში უნდა ყოფილიყო, მაგრამ უთქვამს: – სადაც ჩემი ოცეულის 19 ბიჭი იბრძვის, მეც იქ უნდა ვიყოო და ყველგან წინ მიიწევდა…
9 აგვისტოს დაიღუპა… დილის 10-დან 11 საათამდე დაიჭრა…“
შენობაში 12-მდე დაჭრილი „სპეცნაზელი“ იყო, სისხლი სდიოდათ. სასწრაფო გამოიძახეს, აგვიანებდა. გოგიტა მაკრახიძემ კვლავ დაკავშირება გადაწყვიტა, ოთახში ხმა იხშობოდა, კავშირი ვერ ხერხდებოდა. გაუფრთხილებიათ, ნუ გახვალ, საშიშია, საცაა მოვა სასწრაფოო. ცოდონი არიან, სისხლისგან იცლებიანო. გასულა. გამოუძახია სასწრაფო, ის-ის იყო, ჩაცუცქული კაბელს ახვევდა, ნაღმსატყორცნიდან ნასროლი ნაღმი რომ გასკდა მის ფეხთით.
დედა: „იმათთვის მოყვანილი სასწრაფო თვითონ დასჭირდა… ეჰ, რა ადვილად ლაპარაკობს დედა ამ ყველაფერს… მერე ამ ტალღამ ეს 90-კილოიანი ბიჭი 10-15 მეტრში გადაისროლა. დახეთქებამ კიდევ თავისი ქნა. შოკში ჩავარდნილი თვითონ, ყოველგვარი ჩარევის გარეშე გამოსულა მდგომარეობიდან, გონს მოსულა. უკითხავს, რა მოხდა, ბიჭებოო? არაფერი, გოგა, დაჭრილი ხარ და ახლავე გაგიყვანთო. იქით ამშვიდებდა, ნუ გეშინიათ, ბიჭებო, თავებს გაუფრთხილდითო. და დახუჭა თვალებიო. მერე, რომ ვეკითხებოდით: როგორ ხარ, გოგაო, ხმას რომ ვეღარ გვცემდა, თითით გვაჩვენებდა, კარგად ვარო. გამოვიყვანეთ ბრძოლის ველიდან, მაგრამ იმედი აღარ გვქონდა, რომ გოგას კიდევ შევხვდებოდითო. გარეთ, აფეთქების დროს გოგასთან ერთად ორი ბიჭი იყო, ერთი გადარჩა, მეორე ბარძაყში დაიჭრა, ის დაჭრილი ბიჭი გვიყვებოდა, რომ „ბეტეერით“ გადაიყვანეს ის და გოგა სასწრაფომდე, ტყვიავამდე ერთად ვიყავით. გზაში ერთხელ ვკითხე, როგორ ხარ-მეთქი, ხელი რომ ვერ აწია, მეორე ხელი შეაშველა და ისე მანიშნა, კარგად ვარო. მეტი აღარ შევკითხვივარ, ძალიან მძიმედ იყო. ტყვიავში დაგვაშორეს, მე ტყვიავში გამიკეთეს ოპერაცია და გოგა არ ვიცი, სად წაიყვანესო. როგორც მერე გავარკვიეთ, თავის სამხედრო ექიმი გაჰყოლია გოგას, მძიმედ რომ იყო დაჭრილი, თბილისში გადაუწყვეტია წაყვანა, მაგრამ გზაში დაღუპულა… გზიდან მიბრუნებულან და გორში მიუყვანიათ მორგში. იმ ექიმს, როგორც მითხრეს, გოგას ქუდი წაუღია სახსოვრად…“
ოჯახმა გოგას ამბავი შუადღისას გაიგო. გოგიტას მეგობრის მეუღლემ შეატყობინათ.
სოფელს თავზე რუსული ავიაცია დასტრიალებდა. ძევერაში, სულ ახლოს, მაკრახიძეების სახლიდან სადღაც კილომეტრში ჩამოაგდეს ბომბი. მეზობელი სოფლებიდან რეკავდნენ: რუსი მოდის, გაეცალეთო. სოფელი იცლებოდა და ოჯახი იძულებული გახდა, 11 აგვისტოს დილით დაეკრძალა გოგიტა. დაკრძალეს და იმ საღამოსვე დატოვეს სოფელი. შინ მხოლოდ ხუთ სექტემბერს დაბრუნდნენ. სახლში ყველაფერი თავდაყირა დახვდათ. ატრიალებული, აზელილი. ოთახის შუაგულში ლოგინი და ტანსაცმელი – შექუჩებული, იყო ცეცხლის კვალიც და ჩექმის კვალიც…
ოჯახში დღესაც ინახავენ დაწყებითი კლასების პედაგოგის მიერ გოგიტასთვის 4 კლასის დამთავრების შემდეგ ნაჩუქარ ღია ბარათს წარწერით:
„ცელქო და მოუსვენარო გოგიტა, ისეთი სახელოვანი ვაჟკაცი დამდგარიყავი, რომ ამაყად მეთქვას – ჩემი გაზრდილია. შენი პირველი მასწავლებელი გ. ჯოლბორდი“.
დღეს აღარც მისი პედაგოგია ცოცხალი და აღარც მისი მართლაც სახელოვანი მოწაფე…