ახალი ამბები ბიზნესი მსოფლიო

რუსეთმა Nord Stream 1-ით ევროპისთვის გაზის მიწოდება ისევ შეაჩერა

რუსეთმა Nord Stream 1-ით ევროპისთვის გაზის მიწოდება ისევ შეაჩერა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც მედია იუწყება, ხსენებულის მიზეზად სარემონტო სამუშაოები სახელდება.

რუსული სახელმწიფო ენერგეტიკული გიგანტის, “გაზპრომის” თქმით, შეზღუდვები Nord Stream 1-ის მილსადენზე მომდევნო სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

რუსეთმა უკვე მნიშვნელოვნად შეამცირა გაზის ექსპორტი მილსადენით. ის უარყოფს ბრალდებებს იმის შესახებ, რომ  ენერგომომარაგებას, სანქციების დაწესების გამო დასავლური ქვეყნების დასასჯელად იყენებს.

როგორც ცნობილია, Nord Stream 1 2011 წელს გაიხსნა და რუსეთიდან გერმანიაში დღეში მაქსიმუმ 170 მილიონი კუბური მეტრი გაზის გაგზავნა შეუძლია.

მილსადენი ივლისში 10 დღით დაიხურა, რის მიზეზადაც ისევ ყოველწლიური გეგმური ტექნიკური სამუშაოები დასახელდა. მილსადენი ამჟამად მხოლოდ 20% დატვირთვით მუშაობს, რაც რუსული მხარის მტკიცებით, აღჭურვილობის გაუმართაობით არის გამოწვეული.

ევროპელი ლიდერები შიშობენ, რომ რუსეთმა შესაძლოა გაახანგრძლივოს მილსადენის გათიშვა გაზის ფასების გაზრდის მცდელობით, რომელიც უკვე  400%-ით გაიზარდა.

საგულისხმოა, რომ ფასების მკვეთრი მატება ზამთრის თვეებში კრიზისის შექმნის საფრთხეს ზრდის, რაც პოტენციურად აიძულებს მთავრობებს დახარჯონ მილიარდები ტვირთის შესამსუბუქებლად.

იტვირთბა....